დღეს, 14 დეკემბერს, საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი აირჩია.

ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობდა 225 ადამიანი მონაწილეობდა. ბათილად მხოლოდ ერთი ბიულეტენი ჩაითვალა. 224 ხმა მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო.

პარლამენტში ყაველაშვილიც მივიდა. ის პლენარულ სხდომათა დარბაზში იმყოფება, სადაც საარჩევნო კოლეგიასთან ერთად არჩევნების შედეგები ცესკოს თავმჯდომარისგან, გიორგი კალანდარიშვილისგან, მოისმინა.

მან კოლეგებისგან და პოლიტიკური თანამოაზრეებისგან მილოცვებიც მიიღო.

სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი, მიხეილ ყაველაშვილის, კანდიდატურა, რომელიც გახდა ქვეყნის რიგით მეექვსე და პირველი არაპირდაპირი წესით (ამერიკული მოდელი), საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტი. არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება, შესაბამისად, ამჟამინდელ პრეზიდენტს, (დამოუკიდებელი საქართველოს მეხუთე და ქალ პრეზიდენტს) სალომე ზურაბიშვილს, უფლებამოსილება შეუწყდება.

ყაველაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრია 2016 წლიდან. მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტში ის „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს. 2015 წელს მან კენჭი ვერ იყარა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად იმ მიზეზით, რომ იმ დროს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ ჰქონდა.

მიხეილ ყაველაშვილმა, პარტია „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებთან ერთად, 2022 წლის აგვისტოში დააფუძნა მოძრაობა „ხალხის ძალა“ - მაშინ, როცა ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ელოდა. ოთხეულის მთავარი ამოცანა იყო „საზოგადოების სიმართლით აღჭურვა“. მოძრაობა პირველივე დღეებიდან გამოირჩეოდა ანტიდასავლური რიტორიკით, თავს ესხმოდნენ საქართველოში აშშ-ის ელჩსაც. მოძრაობამ 2022 წლის 26 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერდა, რომ ქვეყნის მთავარი პარტნიორის - აშშ-ის - საელჩო საქართველოს „ხელისუფლების გადასატრიალებლად ყველაფერს იკადრებს“.