ჩემი აზრით, მიმდინარე პროცესები ბიზნესზე ძალიან კარგად აისახება - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ "ბაუსტარის" დამფუძნებელმა მალხაზ სოლომნიშვილმა განუცხადა. ამასთან, მისივე თქმით, ემხრობა პრემიერის ამ გადაწყვეტილებას, რადგან თვლის, რომ ევროკავშირის დაფინანსებაზე უარის თქმა ბიუჯეტზე დიდ გავლენას არ მოახდენს.

„საქართველოზე ეს ყველანაირი კუთხით კარგად აისახება. 2028 წლამდე მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, რადგან გვეუბნებიან, რომ 2030 წლამდე მაინც არ მიგვიღებენ. ალბათ, უკეთესი იქნება, 2028 წლამდე, თუ შეჩერებული იქნება მოლაპარაკებები. 30 წელია გვატყუებენ, გვეუბნებიან, რომ მიგვიღებენ და პატარა ნაბიჯებით მივიწევთ წინ. მე პირადად, სრულებით მხარს ვუჭერ, რა გადაწყვეტილებაც ირაკლი კობახიძემ მიიღო.

როგორც პრემიერი ამბობს, ევროკავშირის დაფინანსებაზე უარის თქმა ჩვენს ბიუჯეტზე დიდ გავლენას არ მოახდენს, 25 მლნ ევროზეა, როგორც ვიცი, საუბარი.

ის, რომ ნენსკრა ჰესი არ აშენდა და ეს საქმე ბოლომდე არ მივიდა, ვარლამ გოლეთიანის გამო 360 მლნ დოლარი ვიზარალეთ. ევროკავშირში გვინდა შესვლა და ჰესი რომ გვქონდეს, არ გვინდა? ელექტროდამოუკიდებლობა არ გვინდა?

ევროპაში ყველას გვინდა, კარგი ცხოვრებაც ყველას გვინდა, მაგრამ როგორ უნდა მივიდეთ იქამდე, ამაზე არავინ ფიქრობს. ჩემი აზრით, მიმდინარე პროცესები ბიზნესზე ძალიან კარგად აისახება“, - განაცხადა მალხაზ სოლომნიშვილმა.

წყარო: BPN.GE