დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2024 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 2 612 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ფლობდნენ 2 662 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას (ადგილობრივი ერთეულებისა და ფილიალების ჩათვლით).

"საქსტატის" ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი 7.0 პროცენტით მეტია 2023 წელთან შედარებით. საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება ფუნქციონირებდა ქ. თბილისსა (22.5 პროცენტი) და აჭარის ა/რ-ში (20.5 პროცენტი).

სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენდა „ინდივიდუალური მეწარმე“, რომელიც შეადგენდა 2024 წელს მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 62.9 პროცენტს.

სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.8 პროცენტი კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 0.2 პროცენტი - სახელმწიფო საკუთრებაში. 2024 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 3 610.5 ათას კვადრატულ მეტრს (2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.4 პროცენტით მეტს) შეადგენდა, საიდანაც უშუალოდ ნომრების საცხოვრებელი ფართი 1 616.5 ათასი კვადრატული მეტრი იყო (2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 4.1 პროცენტით მეტი).

2024 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 113.5 ათასი შეადგინა, რაც 5.3 პროცენტით მეტია 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ნომრების საერთო რაოდენობა 2024 წელს წინა წელთან შედარებით 2.1 პროცენტით გაიზარდა და 51.2 ათასი შეადგინა.

2024 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 5.8 მილიონ სტუმარს მოემსახურა, რაც 16.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. სტუმართა 63.5 პროცენტს უცხოელები შეადგენდნენ და მათი უმეტესობა, 549.9 ათასი (სტუმრების ჯამური რაოდენობის 14.9 პროცენტი), ისრაელის მოქალაქე იყო, რაც 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 57.4 პროცენტით მეტია. ევროკავშირის მოქალაქეები, რომელთა უმეტესობა გერმანიისა (ევროკავშირის მოქალაქე სტუმრების 30.6 პროცენტი) და პოლონეთის (ევროკავშირის მოქალაქე სტუმრების 20.8 პროცენტი) მოქალაქეები იყვნენ, უცხოელი სტუმრების მთლიანი რაოდენობის 8.2 პროცენტს შეადგენდნენ.

2024 წელს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებს უმეტესად სტუმრობდნენ დასვენებისა და რეკრეაციის მიზნით (89.8 პროცენტი).

სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასვენებისა და რეკრეაციის მიზნით განთავსებული უცხოელი სტუმრების უმეტესობას ისრაელისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები წარმოადგენდნენ (შესაბამისად, 15.4 და 14.7 პროცენტი).

2024 წელს საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული იყო 29 082 ადამიანი, რომელთა უმეტესობას (53.3 პროცენტს) ქალები წარმოადგენდნენ.