როგორც Galt & Taggart-ის მიმოხილვაში წერია, რომელიც საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარს ეხება, ელექტროენერგიის ჯამური ექსპორტი ბოლო 10 წლის მინიმუმზეა. საუბარია როგორც მოცულობით, ისე ღირებულებით ოდენობაზე.
მიმდინარე წლის მაისში თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი 4.8-ჯერ რაოდენობრივად, ხოლო ღირებულებით 7.8-ჯერ შემცირდა. მაისში ექსპორტმა 36.2 მლნ კვტ.სთ შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის მაისში 172 მლნ კვტ.სთ იყო. ხოლო თურქეთში ექსპორტის საშუალო ფასი კვტ.სთ-ზე თითქმის 40%-ით 2.7 ცენტამდე შემცირდა.
"ექსპორტის ფასის, მოცულობისა და შემოსავლის ასეთი შემცირება თურქეთის ბაზარზე ფასების მკვეთრ კლებას უკავშირდება. 2026 წლის მაისში, ელექტროენერგიის საშუალო ფასი თურქეთის ბაზარზე შეადგენდა 1.8 ცენტს/კვტ.სთ-ზე (vs 6.4 აშშ ცენტი კვტ.სთ-ზე მაი-25). ასეთი დაბალი ფასი ექსპორტის ეკონომიკურ მიმზიდველობას მნიშვნელოვნად ამცირებს, რადგან ექსპორტიორებს სისტემასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვაც უწევდათ, მათ შორის გადაცემის ტარიფისა და გარანტირებული სიმძლავრის საფასურის", - წერია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.
თურქეთის საბაზრო ფასსა და საქართველოდან ექსპორტის საშუალო ფასს შორის სხვაობა, სავარაუდოდ, ექსპორტის საათობრივ/დღიურ სტრუქტურასა და პირდაპირ კონტრაქტებს უკავშირდება. თურქეთში ელექტროენერგიის ფასების შემცირება, თავის მხრივ, მზის სადგურების მშენებლობას და ხელსაყრელ ჰიდროლოგიურ პირობებს უკავშირდება.
მაისში თურქეთში ექსპორტი მხოლოდ ოთხმა კომპანიამ განახორციელა:
- შპს „აჭარ-ენერჯი 2007“;
- შპს „ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯია“;
- შპს „სვანეთი ჰიდრო“;
- შპს „კასლეთი-2“;
დაბალი საბაზრო ფასების მიუხედავად, ექსპორტის გაგრძელება შესაძლოა უკავშირდებოდეს როგორც მოქმედ გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის შეთანხმებებს, ისე კომპანიების ინდივიდუალურ საკონტრაქტო პირობებს.
თურქეთის გარდა, ბალანსის მიხედვით წელს ექსპორტი აზერბაიჯანშიც დაფიქსირდა, თუმცა ეს არ იყო კომერციული ექსპორტი. აღნიშნული მოცულობა აზერბაიჯანთან სინქრონული პარალელური მუშაობისთვის განხორციელებულ ტექნიკურ გაცვლას წარმოადგენდა და იმავე მოცულობისა და ღირებულების იმპორტით დაბალანსდა. 2026 წლის აპრილიდან შეიცვალა აღრიცხვის მეთოდოლოგია და ეს გაცვლა, რომელიც მანამდე ბალანსში სალდირებულად აისახებოდა, ახლა ცალ-ცალკე ფიქსირდება იმპორტსა და ექსპორტში.













