პირველი ივლისიდან ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთი პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოსგან მხარდაჭერა მიიღონ, როგორც პირველადი წარმოების, ისე პროდუქციის შენახვისა და გადამუშავების მიმართულებით.

როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, გიორგი ავალიანი აღნიშნავს, ცვლილების მიზანი ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდა და მისი საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებაა.

მისივე განმარტებით, სახელმწიფო მხარდაჭერის მოდელს ცვლის და თანადაფინანსების ფორმატზე გადადის, რაც შედეგზე ორიენტირებულ მიდგომას გულისხმობს.

"პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს თანადაფინანსება იქნება 50%-იანი, არაუმეტეს 2 მლნ ლარისა. პროგრამაში მონაწილეობის მიღებას საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს. ამ ეტაპზე ტექნიკური პარამეტრები ზუსტდება და შესაბამისი კრიტერიუმების ჩამონათვალი მოგვიანებით გახდება ცნობილი. ცვლილებები ორი ძირითადი მიმართულებით იყო განპირობებული. პირველი - ქვეყანამ უნდა იზრუნოს სასურსათო უსაფრთხოებაზე და იმ კომპონენტების განვითარებაზე, რომლებიც მის უზრუნველყოფას ემსახურება. მეორე, კონკრეტული მიმართულებები, რომლებიც მაღალი საექსპორტო პოტენციალით და შედეგიანობით გამოირჩევიან, სახელმწიფოსგან დამატებით მხარდაჭერას იმსახურებენ. ცვლილებების განხორციელება აუცილებელი იყო და გადაწყვეტილება ბიზნესთან აქტიური კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდა. გასულ წელს რეგიონებში არაერთი შეხვედრა გაიმართა, ხოლო მიმდინარე წელს აღნიშნული პროცესი უკვე დაწყებულია - მინისტრთან ერთად რეგიონებში ვიზიტები გრძელდება.

მნიშვნელოვანია, რომ პროცესი ცოცხალია და სახელმწიფო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ასოციაციასა და ბიზნეს გაერთიანებასთან. ცვლილებები იმ გამოწვევებისა და საჭიროებების პასუხია, რომლებიც ქვეყანაში ბოლო პერიოდში დაგროვდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სასაკლაოების გაფართოება და ახალი სასაკლაოების შექმნა. აღნიშნული წლების განმავლობაში ქვეყნისთვის გამოწვევას წარმოადგენდა, ამიტომ ამ სფეროს სახელმწიფო თანადაფინანსების კომპონენტი დაემატა", - განაცხადა გიორგი ავალიანმა.

ცნობისთვის, აგროსექტორის სახელმწიფო პროგრამები ერთიანდება. პირველი ივლისიდან ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ ერთი პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერა მიიღონ, როგორც პირველადი წარმოების, ასევე პროდუქციის შენახვისა და გადამუშავების მიმართულებით. ინიციატივა მიზნად ისახავს, სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, წარმოების ზრდას და ქართული პროდუქტის კონკურენტუნარიანობის გაზრდას.

BP.GE