“ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართვისთვის დადგენილი  20%-იანი ლიმიტი  "თელასის" ქსელშიც შეივსო.” – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ სემეკის თავმჯდომარემ განუცხადა.

დავით ნარმანიას ინფორმაციით,  3 ივნისიდან „თელასში“ შესული განახლებადი ენერგიის სადგურების განაცხადები ნეტო აღრიცხვაში ჩართვასთან დაკავშირებით,  ავტომატურად ხარვეზდება.

მზის ელექტროსადგურების მფლობელებს რეგიონების მსგავსად, დედაქალაქშიც უკვე მხოლოდ ნეტო დარიცხვის მოდელით სარგებლობის შესაძლებლობა ეძლევათ.

„დადგენილი 20 პროცენტიანი კვოტა 2 ივნისს „თელასის“ ქსელშიც შეივსო. სამი ივნისიდან მიღებული განაცხადები ავტომატურად იქნება დახარვეზებული. თუმცა მომხმარებლებს, რომლებსაც უნდათ მწვანე ენერგიის შესაბამისი ობიექტი შექმნან,  აქვთ საშუალება გააკეთონ განაცხადები 100 კილოვატამდე სიმძლავრის, ერთ საკადასტრო ერთეულზე - ერთი აბონენტისთვის,“- აღნიშნა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, სექტორის წარმომადგენლები ითხოვდნენ,  რომ ნეტო აღრიცხვა გაგრძელებულიყო.

„გამომდინარე იქიდან,  რომ ეს იწვევს ქსელის არასტაბილურობას, ასევე სამომხმარებლო ტარიფზე ზეწოლას, ქსელური გატარების შეღავათების გამო, მარეგულირებელმა კომისიამ არ მიიჩნია მიზანშეწონილად რომ გადაეხედა დადგენილი ზღვრისთვის,“ - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

BP.GE