ბაჩანა ჯინჭარაძის მოსაზრებები „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დავის გარშემო
კორპორაციული კონფლიქტების ისტორიას იშვიათად ახსოვს შემთხვევები, როდესაც პარტნიორებს შორის არსებული უთანხმოება ასე სწრაფად სცილდება სამართლებრივ ჩარჩოებს და საზოგადოებრივი მორალისა და ინსტიტუციური შანტაჟის ნაზავად იქცევა. როდესაც საქართველოს კერძო სკოლებში გამორჩეული ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო კერა, ბრიტანულ-ქართული აკადემია, ფინანსური და სამართლებრივი დავის ეპიცენტრში აღმოჩნდა, ბევრისთვის ეს უბრალო ბიზნეს-კონფლიქტი იყო.
თუმცა, ღია წყაროებში გავრცელებული მასალებისა და მოვლენების დეტალური ანალიზი სულ სხვა სურათს აჩენს — ეს არის მიზანმიმართული, აგრესიული და ორკესტრირებული კამპანია, რომლის მიზანიც არა სამართლიანობის აღდგენა, არამედ ინვესტორის წინააღმდეგ მიმართული თაღლითობათა სერიით სკოლის მითვისება და ინვესტორის განდევნაა.
ამ დრამის სათავე კლასიკური კორპორაციული რეიდერობის ელემენტებს შეიცავს, სადაც საჯარო რიტორიკა რადიკალურად აცდენილია რეალურ სამართლებრივ მოცემულობას. საზოგადოებრივ სივრცეში ნათია ჯანაშია თავს წარმოაჩენს მსხვერპლად, რომელიც „საკუთარ შექმნილ სკოლას“ იცავს მსხვილი კაპიტალისგან.
თუმცა, ანალიტიკური პრიზმიდან თუ შევხედავთ საკითხს, რეალობა ბევრად უფრო პროზაული და საგანგაშოა: საქმე გვაქვს კარგად გათვლილ სტრატეგიასთან, სადაც აქციონერულ უმცირესობაში მყოფი ნათია ჯანაშია, მის მიერ კონტროლირებადი გამოცემებით და სოციალური ქსელების დახმარებით, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ფსევდო ემოციური ნარატივების მანიპულირებით, ცდილობს გვერდი აუაროს კანონიერ ვალდებულებებს და „საქართველოს განათლების ჯგუფს“ წაართვას ის, რაც ინვესტორის მიერ განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციით შეიქმნა.
კონფლიქტის ანატომია ნათლად აჩვენებს, თუ როგორ გარდაიქმნა სამართლებრივი დავა შანტაჟის ინსტრუმენტად. როდესაც მხარეებს შორის ახალი წესდების რეგისტრაციის პროცესი დაიწყო, ჯანაშიას მხარემ არა სამართლებრივი არგუმენტებით პოლემიკა, არამედ საჯარო რეესტრზე და იუსტიციის სამინისტროზე პირდაპირი ზეწოლა აირჩია, რათა პროცესი ჩაეშალა და სკოლა ლიკვიდაციის საფრთხის წინაშე დაეყენებინა. ეს არის ტაქტიკა „რაც უარესია სკოლისთვის, მით უკეთესია ჩემთვის“ — სკოლის პარალიზებითა და იურიდიული გაურკვევლობის შექმნით, ჯანაშია ცდილობს ინვესტორს შეუქმნას რეპუტაციულად გაუსაძლისი პირობები, რათა ამ უკანასკნელმა დათმოს საკუთარი კანონიერი წილი და მართვის უფლება.
ნათია ჯანაშიას ნარატივი სრულიად მოკლებულია იურიდიულ მტკიცებულებებს. განსაკუთრებით ცინიკურია ამ დავაში ბავშვების, მოსწავლეების თემით მანიპულირება. სკოლის ყოფილი დირექტორი და აქციონერი, რომელიც თავს ბავშვების უფლებადამცველად აცხადებს, რეალურად მათ იყენებს როგორც ცოცხალ ფარს ინვესტორთან სავაჭროდ, რითაც დარტყმის ქვეშ აყენებს იმ ორგანიზაციის რეპუტაციას, რომელსაც ერთ დროს თავადვე ხელმძღვანელობდა და სადაც 30 პროცენტს დღემდე ფლობს.
ამავდროულად, საინტერესოა, როგორ მართავს ნათია ჯანაშია სახელმწიფო სტრუქტურებისთვის დაგებულ ერთგვარ ხაფანგებს. ჯანაშიას სტრატეგია ითვალისწინებს დავის მაქსიმალურ პოლიტიზებას — ინვესტორის დეჰუმანიზაციას და სახელმწიფოს იძულებას, ვერ მიიღოს სწრაფი და გადამწყვეტი ზომები ნათია ჯანაშიას მხარის არასამართლებრივ და ძალადობრივ ქმედებებზე.
სახელმწიფო უწყებები იძულებით დისტანცირდებიან დავისგან, სამართლებრივ დაპირისპირებაში ჩაურევლობის პრინციპის გათვალისწინებით, რაც ხელს აძლევს ჯანაშიას მიზანმიმართული ზეწოლებით ჩაერიოს გადაწყვეტილებებში, შეულახოს მთლიანად სახელმწიფოს რეპუტაცია, მონათლოს ქვეყნის ხელისუფლება რუსეთის ვასალებად, არაევროპელებად, კორუმპირებულებად და არადემოკრატიულებად.
ეს არის კორპორაციული შანტაჟის მეთოდების დანერგვა ქართულ რეალობაში. ნათია ჯანაშიას კერძო დავა გადააქვს პოლიტიკურ სიბრტყეში და აქცევს ინვესტორის წინააღმდეგ სადამსჯელო იარაღად, და არამარტო საქართველოში, არამედ დიდ ბრიტანეთშიც. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამგვარი მანიპულაცია საფრთხეს უქმნის მთლიანად ქვეყნის საინვესტიციო კლიმატს.
ნათია ჯანაშიას გამოცხადებული წაგლეჯვის ქრონიკები ბნელი 90-იანებიდან არ არის, და არც გასული საუკუნის 30-იანებიდანაა. ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ ხდება.
ყოველდღიურად ვხედავთ აკადემიის მიტაცების თაღლითური, ბარბაროსული და ძალადობრივი მეთოდების მრავალფეროვნებას. ნათია ჯანაშია უკანონო გზით სხვისი კაპიტალის მითვისებას ცდილობს. ეს ქრონიკა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა მისი სამართლებრივი და მორალური ვერდიქტი უკვე ნათელია: კორპორაციული რეიდერობა, რა კეთილშობილური ლოზუნგებითაც არ უნდა შეიფუთოს იგი, გაკიცხვის საგანია. ამიტომაა, რომ საზოგადოება ზურგით შებრუნდა ჯანაშიასგან.
მან ნდობა დაკარგა.













