საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ბათუმი-სარფის შემოვლითი მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 13 986 483 დოლარს შეადგენს.
პროექტი აზიის განვითარების ბანკის მიერ ფინანსდება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ზედამხედველობის მომსახურების ვადა 48 თვეა. დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები ინგლისურ ენაზე აზიის განვითარების ბანკის ვებ-გვერდის მეშვეობით არაუგვიანეს 2025 წლის 22 სექტემბრისა უნდა წარადგინონ. დოკუმენტის თანახმად, შერჩევა განხორციელდება ხარისხსა და ფასზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდის გამოყენებით აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელოს თანახმად.
გვირაბი და ხიდები - როგორი იქნება ბათუმი-სარფის შემოვლითი მაგისტრალი
როგორც ცნობილია, საქართველო თურქეთს ახალი მაგისტრალით დაუკავშირდება. ზღვის სანაპიროს მომიჯნავედ არსებული გზა ჩანაცვლდება ახალი ასფალტ ბეტონის 11.4 კილომეტრის სიგრძის გზით, რომელიც ბათუმის მუნიციპალიტეტის საზღვრებში, მდ. ჭოროხის მარჯვენა სანაპიროდან დაიწყება და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. სარფის ტერიტორიაზე, საქართველოსა და თურქეთის საზღვრის სიახლოვეს დასრულდება.
აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყობა 2-ზოლიანი გვირაბი და ხიდები. პროექტის მიხედვით, 10.2 კმ სიგრძის მონაკვეთზე დაგეგმილია ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა, ხოლო სარფის ზონაში, წმინდა ანდრიას ძეგლთან, ბოლო 800 მეტრზე დაემთხვევა არსებულ გზას. ახალი მაგისტრალის მთავარი მონაკვეთი იქნება 7.6-კილომეტრიანი გვირაბი, რომელიც დასახლებულ პუნქტებს გვერდს აუქცევს. გვირაბი ორზოლიანი იქნება, სავალი ნაწილი 7.5 მ, სიმაღლე კი 5 მეტრის იქნება.
„დაგეგმილია ოთხზოლიანი კვანძის მოწყობა გზის დასაწყისში, ორზოლიანი ხიდის მშენებლობა მდ.ჭოროხზე, ორზოლიანი გვირაბის მშენებლობა და ოთხზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა სამხრეთი პორტალის შემდეგ არსებულ გზასთან შეერთების ზონაში. ინფრასტრუქტურა მოემსახურება ორივე მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს. გზის დასაწყისში დაგეგმილია ბათუმის აეროპორტისკენ და გონიოსკენ საპროექტო გზის დასაკავშირებლად კვანძის მოწყობა, რომელიც უზრუნველყოფს ბათუმის შემოვლითი გზიდან აეროპორტის მიმდებარე ზონაში არსებულ საბაჟოსკენ სატრანსპორტო ნაკადის გატარებას.
დოკუმენტაციის მიხედვით, საპროექტო გზა იწყება მდ. ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე, ბათუმის შემოვლითი გზის კვანძიდან და 1 471 მ. სიგრძის ხიდით სოფ. თხილნარის ადმინისტრაციულ საზღვრებში კვეთს მდ. ჭოროხს. ხიდის შემდეგ, სოფ. ჭარნალთან საპროექტო გზის დერეფანი გრძელდება დაახლოებით 7.6 კმ სიგრძის გვირაბით, რომელიც გადის სოფ. ჭარნალისა და სოფ. ახალსოფლის ტერიტორიებზე სარფის ზონამდე. ბოლო მონაკვეთზე, გვირაბის პორტალთან დაგეგმილია კვარიათიდან შემოსასვლელი პანდუსის შემადგენლობაში 60 მ. სიგრძის ხიდის მოწყობა. საპროექტო გზის მონაკვეთი დასრულდება სოფ. სარფის შესასვლელთან, სადაც დაუკავშირდება არსებულ ორზოლიან გზას“ - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ პროექტის აღწერაში.
ცნობისათვის, ახალი მაგისტრალი აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით შენდება და მისი დასრულება 2028 წელს იგეგმება. მშენებლობა მთლიანად 620 მლნ ლარი დაჯდება, საიდანაც 2025 წელს 35 მლნ ლარი დაიხარჯება. რაც შეეხება შემდგომ წლებს, 2026 წელს საპროგნოზო მაჩვენებელი არის 185 მლნ ლარი; 2027-2028 წლებში კი 200-200 მლნ ლარი.
წყარო: BPN.GE