აღრიცხვიანობის სისტემაში არსებული პრობლემა, მონაცემების ცდომილების ერთ-ერთი მიზეზია

საქართველოსთვის უმუშევრობა ჯერ კიდევ დიდ პრობლემად რჩება, მით უმეტეს, რომ ბოლო პერიოდში კლების ნაცვლად, უკვე მატება შეინიშნება. ბოლო მონაცემების მიხედვით, უმუშევრობის დონემ 14%-ს გადააჭარბა, რაც საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის საკმაოდ საყურადღებო საკითხია. ექსპერტების განცხადებით, მაღალი მიგრაციის ფონზე მთავრობამ ქართველების სამშობლოში დამაგრებასა და ადგილზე დასაქმების მიმართულებით აქტიურად უნდა იმუშაოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო მეტად გაიზრდება უცხოელების დასაქმება. 

2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წლიურად 0.6%-ით გაიზარდა და 14.3% შეადგინა. საგულისხმოა, რომ წელს მეორე კვარტალში წლიურად დაქირავებულთა რაოდენობა გაიზარდა 4.7 ათასი კაცით (0.5%) და 940.5 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 29.3 ათასით შემცირდა (6.5%) და 422.2 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა 7.9 ათასით (3.6%) და 227.6 ათასი შეადგინა.

"2025 წლის მეორე კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.3%-ით შემცირდა და 54.1% განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე შემცირდა 0.6%-ით და 46.4% შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე შემცირებულია, როგორც ქალაქის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 0.3%-ით და 0.4%-ით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.4%-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.5%-ით და შესაბამისად 46.5%-ს და 46.3%-ს შეადგენს

2025 წლის მეორე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 1.6%-ით გაიზარდა და 69% შეადგინა. 2025 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში გაზრდილია 2.1%-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.5%-ით", - აღნიშნულია კვლევაში.

ეკონომისტმა მერაბ ჯანიაშვილმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა შეიძლება იყოს დაქირავების დასაქმებულთა ზრდის და თვითდასაქმებულთა კლების მიზეზი.

"დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა და თვითდასაქმებულთა ოდენობის კლება ნიშნავს იმას, რომ ლეგალური სამუშაო პირობები გაიზარდა. თვითდასაქმებულად არა მხოლოდ ინდმეწარმეები ითვლებიან, არამედ მაგალითად სოფლად მცხოვრები ადამიანი, რომელსაც მცირე მიწის ნაკვეთი გააჩნია და ა.შ.

საერთოდ, კარგია, რომ დასაქმების სტატისტიკა იზრდება, უბრალოდ, იმედია, კერძო სექტორში დასაქმებულების ხარჯზეა ზრდა და არა სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავეთა ხარჯზე.

ჩვენთან უმუშევრობის პრობლემის მიზეზი ორია. პირველი ის, რომ შესაძლოა, დაბალხელფასიანი სამუშაო ადგილები იქმნება, რომელიც არ დააკმაყოფილებს ადგილობრივ მოსახლეობას და ამიტომ მიგრაცია მაინც არ შემცირდება. მეორე კი არის ის, თუ რამდენად ღირსეული სამუშაო ადგილები შეიქმნება, რომელიც საშუალო ფენას შექმნის და მოსახლეობას საშუალებას მისცემს, რომ საზღვარგარეთ არ წავიდეს სამუშაოს საძებნელად. ბოლო წლებში კი რასაც ვაკვირდებით, უმუშევრობა იმის ხარჯზე მცირდება, რომ ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა იკლებს, ანუ მიგრაცია გვაქვს, შობადობა დაბალია, სიკვდილიანობა მაღალია და შესაბამისად,  მცირდება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა.

ამ ყველაფერთან ერთად, დაბალანაზრაურებად სამსახურებში უცხოელები მრავლად გამოჩნდნენ. შესაბამისად, თუ გვინდა უმუშევრობის პრობლემის გადაჭრა, მაშინ ამისათვის ღირსეული სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას და არა იაფფასიანი, სადაც ადამიანს არ უღირს მუშაობა”, - განუცხადა ჯანიაშვილმა "რეზონანსს”.

საგულისხმოა ასევე ის, რომ მიმდინარე პერიოდში საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტემპი კვლავ მაღალია, თუმცა უმუშევრობა მაინც მზარდია, ამიტომ საინტერესოა, ეკონომიკური ზრდის პირობებში, როგორ იმატებს უმუშევრობა. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ფიქრობს, რომ ასეთ გარემოებას ორი ფაქტორი განაპირობებს.

"საქართველოს საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ტემპი აქვს, მაგრამ ამავე დროს უმუშევრობის დონე, შესაბამის პერიოდთან შედარებით, იზრდება, რაც შეიძლება ორი ფაქტორით იყოს განპირობებული. პირველი ესაა აღრიცხვიანობის სისტემაში არსებული პრობლემა. მოგეხსენებათ, უმუშევრობის დონე დგინდება შინამეურნეობის გამოკითხვის საფუძველზე და არსებობს ცდომილების ალბათობაც. მეორე - ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მაღალია საქართველოს არარეზიდენტი მოქალაქეების ჩართვა ეკონომიკურ პროცესებში. ეს ადამიანები არ ხვდებიან იმ შინამეურნეობათა კვლევებში, რომელთა მიხედვითაც დგება შრომის ბაზრის საერთო სურათი.

გამოდის, რომ, ერთი მხრივ, ეკონომიკურ ზრდაში ვიღებთ ინფორმაციას, რომელიც მოიცავს, როგორც საქართველოს რეზიდენტების, ისე არარეზიდენტების შექმნილ დოვლათს. მაგალითად, დავით აღმაშენებლის გამზირზე არსებული სხვა ქვეყნის რეზიდენტების მომსახურების, კაფეების და სხვა დაწესებულებების მეპატრონეები ვალდებულები არიან ანგარიში ჩააბარონ საგადასახადო სამსახურს, რაც საბოლოო ჯამში, აისახება "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებულ სამამულო პროდუქტში. მეორე მხრივ კი ზოგიერთი დასაქმებულები, ვერ ხვდებიან შინამეურნეობათა კვლევაში. მაგალითად, ინდოელი სტუდენტები, რომელიც თბილისში სწავლობენ და საღამოობით კურიერად მუშაობენ, კვლევაში ვერ ხვდებიან, მაგრამ მიერ მიერ შექმნილი დოვლათი ასახვას პოვებს ჩვენს სამამულო პროდუქტში.

აქედან გამომდინარე, მოყვანილი მაგალითები, ასეთი აცდენის ერთადერთი არა, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზია. ფაქტია, რომ ჩვენთან საკმაოდ მომრავლდნენ ის ფიზიკური პირები, რომლებიც ჩართულნი არიან შრომითი ურთიერთობათა პროცესში, მაგრამ მათი აღრიცხვა შინამეურნეობის კვლევებში, ფაქტობრივად, არ ხდება. ეს არის ცდომილების მიზეზი, თუ რატომ იზრდება ეკონომიკური პროდუქციის წარმოება და მეორე მხრივ რატომ გვაქვს, წინა წლის შესაბამის პერიოდთან, უმუშევრობის დონის მატება”, - განუცხადა სოსო არჩვაძემ "რეზონანსს”.