საქართველოში, ბოლო 1 თვეში, ბენზინის ფასები, დაახლოებით, 4-დან 20 თეთრამდეა გაზრდილი.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ  ვახტანგ იობაშვილმა  განუცხადა, ფასების მატება ყველაზე მეტად რეგულარის ტიპის საწვავს შეეხო. დიზელზე კი, ფასების ზრდა არ შეინიშნება.

„თუმცა, ასევე გაძვირებულია თხევადი გაზი, იგივე LPG, რომელზედაც ფასის მატებამ 25 თეთრი შეადგინა. ვფიქრობთ, ქვეყანაში საწვავის გაძვირება პოლიტიკურ რყევებსა და ბიზნესის მხრიდან ნეგატიურ მოლოდინებს უკავშირდება, რაც თავის მხრივ, საქართველოსთვის საწვავის ერთ-ერთი მთავარი მომწოდებლის, რუსეთის გადაწყვეტილებასთანაა კავშირში. კერძოდ, პირველი აგვისტოდან, რუსეთმა ბენზინის ექსპორტზე გატანა დროებით შეწყვიტა, რაც შიდა მოხმარების ზრდისა და ნავთობმწარმოებელი 3 მსხვილი ქარხნის რეაბილიტაციის გამო მოხდა“, - აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა.

თუმცა, მისივე განმარტებით, საქართველო რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული არ არის და მან ეს ბაზარი უკვე დიდი ხანია ჩაანაცვლა ევროპული ქვეყნებით, ესენია მაგალითად - რუმინეთი, ბულგარეთი, კვიპროსი, მალტა და საბერძნეთი, საიდანაც, ფაქტობრივად, იმავე ფასად ხორციელდება ბენზინის იმპორტი.

„ამიტომ, შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს საწვავის დეფიციტი არ ემუქრება და მეტიც, მომდევნო პერიოდში, ველოდებით, რომ საწვავზე ფასები დაიწევს“, - განაცხადა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში საწვავის მოხმარება, ავტოპარკის ზრდასთან ერთად იმატებს. შედეგად, იზრდება ნავთობპროდუქტების იმპორტიც. კერძოდ, 2025 წლის იანვარ-ივლისის თვეებში, საქართველოში  809 ათას ტონაზე მეტის ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა, რაც თითქმის 8%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს.

რაც შეეხება საერთაშორისო სანავთობო ბირჟებს, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, აქ ბოლო კვირებში მცირედი რყევები შეინიშნებოდა, თუმცა ნავთობის ფასის რადიკალური ვარდნა, ან ზრდა არ დაფიქსირებულა. დღეისათვის, 1 ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობი 67 დოლარი ღირს.

მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები, დაახლოებით, სწორედ ამ ნიშნულზე ელიან ნავთობის გლობალური ფასის დასტაბილურებას და პროგნოზირებენ, რომ წლის ბოლომდე, ნავთობის მედიანური ფასი, დაახლოებით, 66 დოლარი იქნება.

BP.GE