ყოველწლიურად ჩვენი მოხმარების ზრდა სადღაც, 4-4,5%-ია ელექტროენერგიის მოხმარების კუთხით და გენერაცია ვერ ეწევა, შესაბამისად, გვიწევს იმპორტის ზრდა, – ამის შესახებ მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მარგებაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ეს იმპორტის ზრდაც არის ლიმიტირებული, რადგან ქსელები, რომელიც გვაქვს ჩვენი მეზობლების მიმართულებით, იტვირთება. 400 მილიონი, თუ 500 მილიონი კვტ საათი ყოველწლიურად გვემატება და ფაქტობრივად, რამდენიმე წელიწადში, 4-5 წელიწადში მივაღწევდი იმ ზღვარს, როცა ფიზიკურად ვეღარ შემოვიტანთ ელექტროენერგიას იმდენს, რამდენიც იქნება ჩვენთვის საჭირო. ეს ნიშნავს იმას, რომ 4-5 წელიწადში მოგვიწევს 30%-ით ჩვენი ქვეყნის უზრუნველყოფის შემცირება. ეს ნიშნავს, რომ, პირობითად, ვუთხრათ ერთ დღეს ბათუმს, მოდით, დღეს თქვენ შეამცირეთ ელექტროენერგიით თქვენი მოხმარება და ორი დღით ჩაგაქრობთ, შემდეგ ვუთხრათ ქუთაისს, შემდეგი ორი დღე – თბილისს, შემდეგი ორი დღე – გორს და ასე შემდეგ. ჩვენ, აი, ამ გზას ვადგავართ უკვე და ამას სრული სერიოზულობით გეუბნებით. მოხმარების ზრდასთან ერთად, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ლიმიტირებული არის ქსელები. უბრალოდ, ფიზიკურად იმაზე მეტს ვერ შემოვიტანთ, რამდენის გამტარუნარიანობაც ამ ქსელებს აქვს. შესაბამისად, გადავალთ გრაფიკულ მიწოდებაზე”, – განაცხადა მარგებაძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში რა ელექტროენერგიის წარმოებაც გვაქვს, ქარი იქნება ეს, მზე, თუ თბოსადგური, იმპორტის წილი რომ იმატებს, რომლის შემოტანაც მეზობელი ქვეყნებიდან გვიწევს, როგორი კარგი ურთიერთობაც არ უნდა გვქონდეს მათთან, ომის გამო ხდება ეს თუ რის გამო, მნიშვნელობა არ აქვს, როცა ფასი მოიმატებს შენ მეზობელ ქვეყნებში, ელექტროენერგიის ფასები იზრდება.

„სულ ცოტა ხნის წინ ტარიფი მოსახლეობას და, მათ შორის, კომერციას გაეზარდა 5 თეთრით. ეს გაეზარდა იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი შიდა გენერაცია არ ვართ, დამოკიდებული ვართ იმპორტზე და იმპორტის წილი გაიზარდა ზუსტად ჩვენი ელექტროენერგიის მოხმარების წილში. ვის გვინდა ჩვენ აქ ვუთხრათ, მოდით, ჩვენ ქვეყანაში სერიოზული წარმოება გააკეთეთ-თქო, როდესაც ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ელექტროენერგიის ტარიფი გეცვლება და ძირითადად არის მზარდი? ვის გინდა ეს უთხრა, რომ დაგეგმოს საკუთარი ბიზნესი? მე არ მაქვს საუბარი რაღაც ერთ, ორ და სამწლიან პროექტებზე, გრძელვადიან პროექტებზე, გრძელვადიან წარმოებაზე მაქვს საუბარი. არ ვიცი, ვიღაც ქარხანას რომ უთხრა, მოდი, მანქანების ქარხანა გახსენი პირობითად, ან ვინმეს უთხრა, მოდი, სასურსათო მეურნეობა გააკეთე, მაცივრები დადგი, ჟოლოები რომ გაყინო-თქო, პირობითად, ეს ყველაფერი ხომ ელექტროენერგიის ტარიფზეა დამოკიდებული? შენ რომ გათვლა გააკეთო და შენ ქვეყანაში სტაბილური რომ იყოს ელექტროენერგია, საკუთარი გენერაცია უნდა გქონდეს განვითარებული, რომ გარე პირობებზე არ იყო დამოკიდებული და, სულ მცირე, 10 წლით გაყინული უნდა გქონდეს ელექტროენერგიის ტარიფი, რათა მერე ბიზნესს ჰქონდეს საშუალება, საკუთარი ბიზნესი დაგეგმოს“, – განაცხადა მარგებაძემ.

როგორც მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, დღეს ევროპაში არცერთი ახალი საცხოვრებელი სახლი აღარ შენდება, სადაც გაზი არის შეყვანილი და ყველაფერი ელექტროენერგიაზეა.

„მათ შორის, ძალიან მალე დავინახავთ, ჩინური საავტომობილო ბიზნესი როგორ განვითარდება და ელექტრომობილებზე გადავა ძალიან დიდი უმრავლესობა. არ ვიცი, 15%-ს მივაღწევთ ალბათ, ძალიან მალე. სხვათა შორის, იმ გაზსაც, რომელიც ჰორმუზის სრუტით მიაქვთ თუ საიდანაც მიაქვთ, აირად აქცევენ და, საბოლოო ჯამში, აირებული გაზი ისევ ელექტროენერგიაში გარდაიქმნება. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ენერგოდამოუკიდებლობაზე, ის რესურსი, რაც ჩვენ გვაქვს, წყლის, თუნდაც ქარის და თუნდაც მზის, თავისუფლად შეგვიძლია, გარდავქმნათ ისევ გაზში. ჩვენ გაზს ვწვავთ, რომ ელექტროენერგია მივიღოთ, ხომ? ამიტომ, ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება არის აბსოლუტურად სწორი მიდგომა“, – განაცხადა მარგებაძემ.

მისივე თქმით, ჩვენ ასეთი საფრთხეების წინაშე ვდგავართ და ამ საფრთხეების გადაჭრას უნდა რადიკალური მოქმედებები.

„ეს რაღაც ლაპარაკი უნდა გადავდოთ გვერდზე და სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ ჩვენი საკუთარი გენერაციების შექმნა“, – განაცხადა მარგებაძემ.