ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს.

მორიგი შეხვედრა დუშეთში გაიმართა და ის ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა გახსნა. ახალგაზრდებთან საუბრისას მან ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა - არჩევნების მნიშვნელობა და ამომრჩევლის როლი დემოკრატიული პროცესების განვითარებაში.

ნათია იოსელიანმა განსაკუთრებული ყურადღება დეზინფორმაციის საკითხს დაუთმო და ის საარჩევნო პროცესის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა, ამასთან მან ახალგაზრდებს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაც გააცნო.

ცესკოს პრესსპიკერმა ასევე ისაუბრა იმ სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებზე, რომლებსაც ცესკო ახალგაზრდებთან მიმართებაში ახორციელებს.

ახალგაზრდებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ხდება არჩევნების ორგანიზება და როგორია საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური მოწყობა - ამ საკითხებზე მათ დეტალურად ესაუბრა დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მაია ველთაური.

დუშეთში ახალგაზრდებთან შეხვედრა 28 აპრილს გაიმართა და მას  40-მდე ახალგაზრდა დაესწრო.

შეხვედრა ცესკოს, ახალგაზრდობის სააგენტოსა და სხვა პარტნიორ უწყებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. მემორანდუმი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთობლივი საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიების განხორციელებას, კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრები ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონში იმართება.