ამ ტემპით თუ წარიმართა თანამშრომლობა, რომელსაც მე დღეს ვხედავ კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის, სრულიად რეალისტურია, ერთი მხრივ, ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა დ,ა მეორე მხრივ, საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება არსებულ პირობებში, – ამის შესახებ „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„დღეს რა ვითარებაც არის, ჩვენ იმპორტზე დამოკიდებულება გვაქვს დაახლოებით 30%, რომელიც წლიდან წლამდე არ იცვლება 14 წლის განმავლობაში. ანუ, დადგმულ სიმძლავრეებს ყოველთვის ასწრებს გაზრდილი მოხმარების ნაწილი და იმპორტის ციფრი არ იცვლება. ავდივართ 39-40-42%-ზე, მაშინ როდესაც 8-9 თვე გვაქვს კიდევ უფრო მეტად დეფიციტური, როცა ჩვენ მთლიანად ვყიდულობთ ელექტროენერგიას. ანუ, ქვეყნიდან გაედინება ათეულობით მილიონი ყოველწლიურად და ელექტროენერგიის შესაძენად თანხების გადინება მზარდია. როცა ვსაუბრობთ ხოლმე ეკონომიკურ ზრდაზე და გვიხარია, გვიხარია იმიტომ, რომ მოსახლეობაზე გავრცელდეს ეს სიკეთეები და კეთილდღეობა. ასევე უნდა ვთქვათ, რომ ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ ჩვენ გვეზრდება ელექტროენერგიის მოხმარება, საშუალოდ, 4%-მდე გვეზრდება მოსახლეობის და კერძო სექტორის მხრიდან მოხმარება. როცა მაღალ მიზნებზე, ექსპორტზე ვლაპარაკობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ თვითონ მზარდი ვართ ამ კუთხით, ვინაიდან საქართველოს ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს. ბოლო შეფასებითაც კი, მიუხედავად ტურბულენტური ეკონომიკური ვითარებისა მსოფლიოში, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 5,3%-იანი ზრდა განსაზღვრა, ყველამ ვიცით, რომ ეს რეალურად იქნება 6,5-7%, მაგრამ მაინც.
თუნდაც 5,3%-ზე რომ დავთვალოთ და შემდგომი წლების განმავლობაში, საშუალოდ, 5%-იანი ზრდა რომ ავიღოთ, ჩვენ ვლაპარაკობთ საკუთარი მოხმარების 50%-ით გაზრდაზე და როდესაც ვსაუბრობთ ასეთი ტიპის მზარდ ტენდენციაზე, ცხადია, საჭიროება არის საკუთარი წარმოების განვითარების. როგორ შეიძლება, საკუთარი წარმოების განვითარება მოხდეს? ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა ქარსაც და მზესაც ამ კუთხით, მაგრამ მივდივართ წყალთან და ჰიდრო ნაწილთან. ჩვენ თუ არ წავედით დიდი ჰესების მშენებლობის მიმართულებით, უბრალოდ არ ვიცი, რომელ წელს არა, რომელ საუკუნეში გვექნება ენერგოდამოუკიდებლობის და თვითკმარობის პერსპექტივა, მე ამას ვერ გეტყვით, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ წავედით დიდი ჰესების მშენებლობის მიმართულებით და ვსაუბრობთ „ნამახვანზე“, „ნენსკრაზე“, „ხუდონზე“, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ, პრაქტიკულად, ეს უზრუნველყოფს თვითკმარობის ნაწილს. როცა ჩვენ ვიქნებით სრულიად მზად ამ ნაწილისთვის 2036 წლისთვის, ამავდროულად, ეს მაგალითად, გულისხმობს იმას, რომ ქვეყნიდან 50 მილიონის გადინება შევამციროთ“, – განაცხადა აბაშიშვილმა.
მისი თქმით, როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ ზრდაზე და ეკონომიკურ ეფექტებზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დიდი ჰესების მშენებლობას აქვს უდიდესი ფინანსური პოტენციალი, გარდა ელექტროენერგიის უზრუნველყოფისა.
„ლაპარაკია, დაახლოებით, 8 მილიარდზე მეტ ინვესტიციაზე იმისთვის, რომ, ჯამში, ეს ენერგეტიკული სექტორი იმ კონდიციამდე მივიყვანოთ, რა კონდიციამდეც გვინდა. ამ 3 ჰესის შემთხვევაში ლაპარაკია 4 მილიარდის ინვესტიციაზე. პირდაპირი გავლენა ჯამური მშპ-ის ზრდაზე, დადგმული გენერაციის ჩათვლით, გვაქვს, დაახლოებით, 11 მილიარდი, საბაზისო სცენარში – 9,1 მილიარდი. ანუ, წარმოიდგინეთ, რა ციფრებზე ვსაუბრობთ და რა სიკეთეს მივიღებთ ამ ნაწილიდან, ასე რომ შევხედოთ და ფინანსურ ჭრილში გადმოვიტანოთ ეს ყველაფერი“, – განაცხადა აბაშიშვილმა.
ამასთან, აბაშიშვილმა აღნიშნა, რომ ეს ნიშნავს უამრავ სამუშაო ადგილს და ეროვნული ვალუტის კურსის სიმყარეს.













