"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" - აფბას ხელმძღვანელი, გიორგი კაპანაძე განცხადებას ავრცელებს, რომელიც „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ მეწილისა და ყოფილი დირექტორის, ნათია ჯანაშიას მიერ ლონდონის სასამართლოში შეტანილი სარჩელის საქართველოს სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ გარემოებებს ეხება.
საკითხი შეეხება "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" გარშემო განვითარებულ დავას, რომელშიც მინორიტარი აქციონერი -30%-იანი წილის მქონე ნათია ჯანაშია და მისი მეუღლე 70%-იანი წილის მქონე აქციონერს "საქართველოს განათლების ჯგუფს“ ედავება.
„ნათია ჯანაშიას მიერ ბრიტანეთის სასამართლოში წარდგენილი სარჩელით ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას რეჟიმად მოიხსენიებს, რომელმაც გადაუხვია ევროპის გზას, რუსეთისკენ მიდის, რომელიც აკონტროლებს კორუმპირებულ სასამართლო სისტემას,“ - აცხადებს გიორგი კაპანაძე.
კაპანაძის თქმით, ნათია ჯანაშიას მიერ ბრიტანეთში შეტანილი სარჩელით პირდაპირი დევნა აქვს გამოცხადებული იუსტიციის საბჭოს წევრებზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებზე. თუმცა მისი ბრალდება არ შემოიფარგლება მხოლოდ ცალკეული მოსამართლეებით. ნათია ჯანაშია მთელ სასამართლო სისტემას ბრალს დებს კორუფციაში და ადანაშაულებს დამოუკიდებლობის არქონაში.
აფბას ხელმძღვანელს ნათია ჯანაშიას მიერ ლონდონის სასამართლოში შეტანილი სარჩელიდან კონკრეტული ამონარიდები მოჰყავს მაგალითად. კერძოდ, შემდეგი ციტატა:
"მოსარჩელეს (ნათია ჯანაშიას) სჯერა, რომ იგი საქართველოში ეფექტიან სასამართლო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გარეშე დარჩა, ვინაიდან საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებობს სერიოზული პრობლემები სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით, განსაკუთრებით იმ მოსამართლეებთან დაკავშირებით, რომლებმაც განიხილეს მოსარჩელეს სარჩელები, კერძოდ ბ-ნი არჩილ კოჭლამაზაშვილი და ბ-ნი ლაშა თავართქილაძე. მოსამართლეები მუშაობენ იმ სისტემაში, რომლის მთავარი მოქმედი პირები დასანქცირებულები არიან აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და უკრაინის ხელისუფლებების მიერ. 2025 წლის 2 აპრილს, დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების სამინისტრომ სანქციები დაუწესა ორ სასამართლო ფიგურას, მიხეილ ჩინჩალაძეს და ლევან მურუსიძეს.
მოსარჩელეს (ნათია ჯანაშიას) სჯერა, რომ სასამართლო სისტემაში არსებული ზეგავლენებისა და გავლენების ჯაჭვის გათვალისწინებით, ასევე სასამართლო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საერთაშორისო შეშფოთების ცნობაში მიღებით, საქართველოში მისი საქმეების სამართლებრივი საფუძვლების მიხედვით განხილვას არანაირი გონივრული პერსპექტივა არ აქვს," - ციტატის დასასრული.
აფბას ინფორმაციით ბ-ნი არჩილ კოჭლამაზაშვილი, უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე და იუსტიციის საბჭოს წევრია, ხოლო ბ-ნი ლაშა თავართქილაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლეა. არცერთი მათგანი სასანქციო სიებში არ არის.













