ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაცია – აფბას ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე გავრცელებულ განცხადებაში შეშფოთებას გამოხატავს 2026 წლის 13 მარტს ბრიტანულ-ქართული აკადემიის რიგგარეშე კრებაზე მომხდარი ძალადობრივი ინციდენტის გამო.
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის დავის მონიტორინგის პროცესში გავრცელებული საგამოძიებო მასალების გამო, ჩვენი ორგანიზაცია და მისი ანალიტიკოსები არაერთხელ გამხდარან ნათია ჯანაშიას და მის მეუღლის, დავით ცეცხლაძის მხრიდან შეურაცხყოფისა და ცილისწამების ობიექტები, მაგრამ ამ ხულიგნურ გამოხტომებს ძირითად შემთხვევებში უკომენტაროდ ვტოვებთ.
ძალადობის ამ ამაზრზენ შემთხვევას კი ვერ დავტოვებთ ვერც რეაგირების გარეშე და საგანგებოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ ძალადობა ქალზე და, მითუმეტეს, ძალადობა ორსულზე, პირდაპირ მიუთითებს თავდამსხმელის მორალურ და მენტალურ მდგომარეობასა და კრიმინალურ პოზიციაზე. მნიშვნელოვანია, რომ პოლიციამ მყისიერად მოახდინა რეაქცია და სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა, რაც დამატებითი ბარიერია ნათია ჯანაშიას მეუღლის, დავით ცეცხლაძის მოსალოდნელი კრიმინალური საქციელის სამომავლოდ განმეორებისთვის. ძალადობა სათავეშივე უნდა აღიკვეთოს“, – განცხადა გიორგი კაპანაძემ.
აფბას ინფორმციით, საქმე ეხება ბრიტანულ-ქართული აკადემიის რიგგარეშე აქციონერთა კრებას, სადაც განიხილებოდა აკადემიის ახალ სამეწარმეო კანონთან სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობაში მოყვანისა და სააქციო კაპიტალში 70%-იანი აქციონერის, „საქართველოს განათლების ჯგუფის“ მფლობელობაში მყოფი ოქროყანაში განლაგებული მიწის ნაკვეთის შეტანის საკითხები.
ინფორმაცია კრების ჩატარების შესახებ თავად ნათია ჯანაშიამ გაახმაურა, თუმცა, მხოლოდ იურიდიულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება და კრიმინალურ ინციდენტზე არაფერი უთქვამს.
„საქართველოს განათლების ჯგუფის“ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „კრებაზე ნათია ჯანაშიასა და მისი მეუღლის, დავით ცეცხლაძის მხრიდან არასათანადო ქცევასთან ერთად დაფიქსირდა „საქართველოს განათლების ჯგუფის“ თანამშრომლების წინააღმდეგ შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტები.
კერძოდ, ნათია ჯანაშიას მეუღლე ,დავით ცეცხლაძე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა „საქართველოს განათლების ჯგუფის“ თანამშრომლებს. მუქარის ფაქტზე პოლიციაში დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლით – მუქარა სიცოცხლის მოსპობით ჯგუფურად, რაც, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე“.













