გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის და ფქვილის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა დარგში არსებული გამოწვევები, მიმდინარე ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები განიხილეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი წარმოების ზრდის ხელშეწყობას, ბაზრის სტაბილურობის უზრუნველყოფას და ხორბლის სექტორში კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას. შეხვედრაზე ფერმერების საჭიროებებზე, წარმოების ეფექტიანობის ამაღლების გზებსა და სახელმწიფოს მხარდაჭერის მექანიზმების შემდგომ განვითარებაზე იმსჯელეს.
დავით სონღულაშვილის თქმით, დარგთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და ფერმერების საჭიროებების დროული გათვალისწინების მიზნით, სამინისტროში შეიქმნება მინისტრთან არსებული დარგობრივი საბჭოები.
„მინისტრთან არსებული დარგობრივი საბჭოები მოგვცემს შესაძლებლობას, სისტემატურად შევხვდეთ დარგის წარმომადგენლებს და ერთად განვიხილოთ არსებული გამოწვევები და საჭიროებები. აღნიშნული ფორმატი ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას, არსებული პრობლემების დროულ იდენტიფიცირებას და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას. მეხორბლეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოფლის მეურნეობაში და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია დარგში ჩართული თითოეული რგოლის მოსაზრებები იყოს განხილული“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებლებმა მინისტრის ინიციატივა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი ფორმატის თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დარგში არსებული გამოწვევების გადაჭრას.
„განვიხილეთ მიმდინარე პროცესები, რომლებიც მსოფლიო ტენდენციების გავლენით ვითარდება და ასახვას პოულობს როგორც რეგიონში, ისე საქართველოში, მათ შორის ხორბლის, ფქვილისა და პურის ფასებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოწვევების ფონზე შევინარჩუნოთ ბაზრის სტაბილურობა. შეხვედრაზე გავაჟღერეთ კონკრეტული წინადადებები და ვიმსჯელეთ მათი განხორციელების გზებზე. ასევე, შევთანხმდით, რომ დარგობრივი საბჭოების შექმნა იქნება ეფექტიანი პლატფორმა, სადაც რეგულარულად განვიხილავთ პრობლემებს და მათი გადაწყვეტის გზებს“, - აღნიშნა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ლაშა ავალიანი და ლაშა დოლიძე, ასევე, შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.













