საქსტატმა 2026 წლის მარტის წლიური ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გასულ თვეში წლიურმა ინფლაციამ 4.3% შეადგინა. შედარებისთვის, თებერვალში წლიური ინფლაცია 4.6%-ს შეადგენდა, შესაბამისად, ის 0.3 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. წლიური ინფლაციის ტემპის შემცირებაზე გავლენა მოახდინა სურსათის სექტორმა, სადაც ფასები წლიურ ჭრილში 7.5%-ით არის გაზრდილი, შედარებისთვის წინა თვეებში სურსათის გაძვირება წლიურ ჭრილში 9-10%-საც შეადგენდა, შესაბამისად სურსათის გაძვირების ზრდის ტემპის შენელებამ წლიური ინფლაციის მაჩვენებლის კლება განაპირობა.
შესაბამისად, ჯერჯერობით, ინფლაციის სტატისტიკაზე საწვავის გაძვირების ეფექტი სრულად არ ასახულა, რაც განსაკუთრებით მარტის უკანასკნელ დღეებში გაძვირდა, ხოლო 2026 წლის 1 აპრილიდან კი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფიც გაიზარდა, რაც უკვე აპრილის ინფლაციაზე მოახდენს გავლენას.
2026 წლის მარტში ინფლაცია ჯგუფების მიხედვით ასე ნაწილდებოდა:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.57 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (21.2 %), ხილი და ყურძენი (13.4%), პური და პურპროდუქტები (9.6%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.6%), ზეთი და ცხიმი (7.7%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (5.3%), ბოსტნეული და ბაღჩეული (4.9%), რძე, ყველი და კვერცხი (4.5%), ყავა, ჩაი და კაკაო (3.8%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.1%);
ტრანსპორტი და საწვავი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.49 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (7.3%) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების საწვავით ექსპლუატაციაზე (5.7%);
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.8%-ით, რაც 0.48 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (58.1%), დაზღვევა (8.5%), პირადი ჰიგიენა (4.3%);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.2%-ით, რაც 0.39 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. მოცემულ პერიოდში ფასები გაზრდილია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (8%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (4.6%).

რაც შეეხება თვიურ ინფლაციას (ფასების საერთო დონე მარტში, თებერვალთან შედარებით), 0.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.













