“ბრიტანულ - ქართული აკადემიის” ქეისი რამდენიმე ასპექტით არის განსაკუთრებით საინტერესო. მთავარი აქ დავის ინიციატორის, “აკადემიის” მინორიტარი აქციონერის (30%), ნათია ჯანაშიას ქმედებების ღიად რეიდერული ხასიათია. მსგავსი თავხედური და შარლატანური ნაბიჯები, სხვა შემთხვევებში, ძნელი გასახსენებელია”, - ამბობს “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” - აფბას ანალიტიკოსი, ბაჩანა ჯინჭარაძე.
შეგახსენებთ, აფბა ამ გახმაურებული და მასშტაბური ბიზეს-დავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ნათია ჯანაშია, ქმართან, დავით ცეცხლაძესთან ერთად, მაჟორიტარმა პარტნიორმა (70%) “აკადემიის” მართვის სადავეებს, მასშტაბურ სავარაუდო გაფლანგვა-მიტაცებაში შემჩნევის ფონზე, სრულიად კანონიერად ჩამოაშორა და ამით წლიური 1 მილიონ ლარიანი ხელფასიც შეუწყვიტა, მათ დაკარგული მდგომარეობის რეიდერული გზით დაბრუნება გადაწყვიტეს და მაჟორიტარი პარტნიორის წინააღმდეგ მასირებული რეპუტაციული შეტევა წამოიწყეს. მათ გადაწყვიტეს, რომ ზეწოლა მოეხდინათ ინვესტორზე და ერთხელ უკვე კოლოსალურ ფასად გაყიდული წილი, ჩაგრულის მანტიამოსხმულებს, უკანონოდ, კვლავ ხელში ჩაეგდოთ - ამბობს ჯინჭარაძე.
“ნათია ჯანაშია, დავის საწყის ეტაპზე არწმუნებდა საზოგადოებას, თითქოს მას ინვესტორმა მოტყუებით იაფად გააყიდინა “აკადემიის” 70%-იანი წილი. რა თქმა უნდა, ამის დამადასტურებელი საბუთი მას საზოგადოებისთვის არ წარუდგენია. მეორე მხრივ კი დადგა ფაქტი - ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დადასტურდა, რომ 29,3 მილიონი ლარი, რაც წილის საფასურად ნათია ჯანაშიამ და მისმა ქმარმა, დავით ცეცხლაძემ საკუთარ ანგარიშებზე გარიგების დადებისთანავე თანაბრად მიიღეს, 500 000 ლარით აღემატებოდა იმ დროისთვის არსებულ საბაზრო ფასს.
ნათია ჯანაშია იმაშიც არწმუნებდა საზოგადოებას, რომ გარიგების საფასური სრულად არ ჰქონდა მიღებული. ბუნებრივია, ეს ტყუილი იყო და საკმარისი გახდა ერთი მინიშნებაც კი, რომ გარიგების ღირებულების სრული თანხა, სამეწარმეო რეესტრში შესაბამისი ცვლილების ასახვისთანავე, მისი და მისი ქმრის საბანკო ანგარიშებზე სრულად იყო ჩარიცხული, რომ ეს ცრუ ნარატივიც საპნის ბუშტივით გასკდა.
ნათია ჯანაშია იმასაც დაუღალავად ამტკიცებდა, რომ თითქოს, ინვესტორს დაპირება ჰქონდა გაცემული, რომ მის საკუთრებაში არსებულ ოქროყანის მიწას, “აკადემიის” კაპიტალში უსასყიდლოდ ასახავდა. მან ვერც ეს ნარატივი დაადასტურა. ფაქტი კი ის აღმოჩნდა, რომ არც მხარეთა შორის გაფორმებულ მემორანდუმში, არც ხელშეკრულებაში, მსგავსი არაფერი იძებნება. ეს ორი დოკუმენტი კი მხარეთა შორის არსებული გარიგების განმსაზღვრელი საბუთებია”, - აღნიშნავს აფბას ანალიტიკოსი.
ჯინჭარაძე აღნიშნავს, რომ ნათია ჯანაშიას სიყალბეზე და ცილისწამებაზე აგებული კამპანიის კიდევ სხვა მხარეა ბულინგის და ბილწისტყვაობის ის გაუგონარი ნიაღვარი, რითაც თავად ჯანაშია და მისი ქმარი, დავით ცეცხლაძე ავსებდა და ავსებს სოცქსელებს მთელი ამ ხნის განმავლობაში. “ეს ხდება არა მხოლოდ ინვესტორის წინააღმდეგ, არამედ ნებისმიერი მესამე პირის მისამართითაც, ვინც ამ დავასთან დაკავშირებით უწყინარი, მაგრამ ლოგიკური კითხვის დასმას “გაბედავს”.
თუმცა, ის რომ მაჟორიტარ აქციონერს, მით უფრო ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კორპორაციას, ზეწოლით, უკვე გაყიდულ მრავალმილიონიან წილს ვერ დასცინცლავ, წესით, იმთავითვე გასაგები უნდა ყოფილიყო ნათია ჯანაშიასა და მისი ქმრისთვის. შესაბამისად, ბუნებრივად ჩნდება კითხვა - რამ განაპირობა მათი მხრიდან დავის წარმოების ასეთი სტრატეგიის არჩევა”? - კითხულობს ბაჩანა ჯინჭარაძე.
მისი მოსაზრებთ, აქ პასუხი ერთია: “მათ გათვლა გააკეთეს იმაზე, რომ პარტნიორი, როგორც ლონდონის ბირჟაზე დალისტული კომპანია, თავს აარიდებდა რეპუტაციულ რისკს, მათ შორის, საერთაშორისო არენაზე და რამდენიმე ათეული მილიონი ლარის გამო “თავს არ აიტკივებდა” და ნათია ჯანაშიას და მის ქმარს, მათივე შეთავაზებული პირობებით დაუთმობდა ერთხელ უკვე ნაყიდ წილს. ეს მსჯელობა ნათია ჯანაშიას თავის საპროგრამო წერილშიც კი აქვს დაუფარავად განვითარებული თავისივე დაფინანსებულ რესურსებზე.
სავარაუდოდ, ნათია ჯანაშიამ და მისმა ქმარმა ამ გათვლის წარმატების თითქმის დაიჯერეს კიდეც, რადგან წლების განმავლობაში, კორპორატიული წესებიდან გამომდინარე, ინვესტორი არც მათ ბრალდებებს და არც მათ უშვერ ლანძღვა-გინებას არ პასუხობდა”, - იხსენებს ჯინჭარაძე.
თუმცა, მისი თქმით, დიდი შოკი იქნებოდა თავგზააბნეული რეიდერებისთვის ის გარემოება, რომ როცა ინვესტორმა მათ იურიდიულად გამართულად და დასაბუთებულად უპასუხა, ეს იყო პასუხი ფაქტებით, რიცხვებით, დავის სამართლებრივ სივრცეში გადატანით და იმის გარანტირებული მოლოდინით, რომ სამართალი იზეიმებს და საგამოძიებო სამსახურები და სასამართლო, თავიანთი გადაწყვეტილებებით, საზოგადოებას წარუდგენენ ვერდიქტებს, სადაც დავაში მართალი გამოდგება ინვესტორი, ხოლო ცრუ, ყალბი და ცილისმწამებელი კი ნათია ჯანაშიას მხარე.
აფბას ანალიტიკოსი თვლის, რომ ამ მოლოდინის საფუძველს იძლევა ინვესტორის თანმიმდევრული ნაბიჯები. ინვესტორი აუჩქარებლად მიჰყვება ნათია ჯანაშიას მიერ პროვოცირებულ სასამართლო დავებს, როგორც საქართველოში, ისე ბრიტანეთში და მართლმსაჯულების წინაშე როცა საუბრობს, საუბრობს მხოლოდ ფაქტებით, რიცხვებით, დოკუმენტებით და საბუთებით.
რაც შეეხება ნათია ჯანაშიას მხარეს, მას უკვე მესამე წელია, რაც “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” თაობაზე დავის გარშემო არც ერთი, ხაზგასმით უნდა ითქვას, - არც ერთი საბუთი არ წარუდგენია საზოგადოებისთვის.
ბუნებრივია, დღევანდელი გადასახედიდან, ნათია ჯანაშია უკვე მიხვდება, რომ ინვესტორთან ცილისმწამებლური დავის წამოწყება მისი სტრატეგული და საბედისწერო შეცდომა იყო, მაგრამ მისი ეს მიხვედრილობა, როგორც იკვეთება, ძალიან დაგვიანებულია. - ინვესტორი თანმიმდევრულად მიჰყვება სასამართლო პროცესებს და საკუთარი სიმართლის დასაცავად არც ერთი ნაბიჯით უკან დახევას არ აპირებს”, - ამბობს ჯინჭარაძე.













