1-ელი სექტემბრიდან 60 წელს გადაცილებული მომხმარებლების მიერ განხორციელებულ გარკვეულ საბარათე ოპერაციებზე კონტროლი მკაცრდება. კერძოდ, 500 ლარზე მეტი ღირებულების ტრანზაქცია, რომელიც აზარტულ ბიზნესს, ვირტუალურ აქტივებს, საინვესტიციო საქმიანობას ან სხვა მაღალი თაღლითური რისკის მქონე სფეროს უკავშირდება, რისკიან ოპერაციად ჩაითვლება.

ცვლილება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას ბრძანებით დამტკიცდა და მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციისა და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში შევიდა.

რეგულაციის მიზანი 60 წელს გადაცილებული მომხმარებლების თაღლითური სქემებისგან დაცვის გაძლიერებაა. ახალი მოთხოვნების მიხედვით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს გარკვეული ტრანზაქციების მიმართ რისკების მართვის უფრო მაღალი სტანდარტის გამოყენება დაევალებათ.

რისკიან ოპერაციად ჩაითვლება:

  • 500 ლარზე მეტი თანხის გადახდა, თუ ოპერაცია დაკავშირებულია მაღალი თაღლითური რისკის მქონე საქმიანობასთან;
  • ონლაინ სავაჭრო, მათ შორის ე.წ. ფორექსის, საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული გადახდები;
  • აზარტულ და სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული ოპერაციები;
  • ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული ტრანზაქციები;
  • ასევე ისეთი ოპერაციები, რომლებშიც მომხმარებლისთვის უჩვეულო ხარჯვის ან ქცევის ნიშნები გამოვლინდება.

ასეთი ტრანზაქციის დაფიქსირების შემთხვევაში, საგადახდო მომსახურების პროვაიდერს მისი დროებით შეჩერება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, შესრულებაზე უარის თქმა შეეძლება.

ამასთან, ბანკი ან სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული იქნება მომხმარებელს დაუკავშირდეს და ოპერაციასთან დაკავშირებული რისკების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს. მიზანი მომხმარებლისთვის გადაწყვეტილების გააზრებულად მიღების ხელშეწყობა და თაღლითების მხრიდან მანიპულაციის რისკის შემცირებაა.

საეჭვო ან რისკიანი ტრანზაქციის ინიციირების შემდეგ მომხმარებელს 48 საათი ექნება, რათა საბოლოოდ გადაწყვიტოს ოპერაციის განხორციელება და საკუთარი გადაწყვეტილება მომსახურების პროვაიდერს დაუდასტუროს.

ეროვნული ბანკის განმარტებით, რეგულაციის პირველი ეტაპი 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება და თავდაპირველად მხოლოდ საბარათე ოპერაციებზე გავრცელდება.