საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში დადგენილი მომსახურების სტანდარტების დარღვევის გამო, 8 თვეში კომუნალური მომსახურების კომპანიებმა მომხმარებელზე 456 890 ლარის ოდენობის კომპენსაცია გასცეს. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
„მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, კომპენსაციების დიდი წილი ელექტროენერგეტიკის სექტორში გაიცა - 264 650 ლარის ოდენობით, წყალმომარაგების სექტორში გაცემული კომპენსაციების ჯამმა 190 440 ლარი შეადგინა, ხოლო ბუნებრივი გაზის სექტორში - 1800 ლარი.
სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და საირიგაციო წყლის მომხმარებლებს, თუ ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს.
კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც სემეკის ქოლცენტრში ნომერზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდზე. სემეკისთვის განცხადებებით მიმართვა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, ასევე, იუსტიციის სახლის მეშვეობით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.













