ეს გახლავთ ისეთი პოლიტიკა, რომლის მთავარი მიზანია ისეთი ენერგოსისტემის ჩამოყალიბება, რომელიც იქნება ერთდროულად უსაფრთხო, სტაბილური, მოქნილი და მაქსიმალურად ნაკლებად დამოკიდებული იმპორტზე. ამ ხედვას ეფუძნება ჩვენი 2036 წლის გენერაციის დადგმული სიმძლავრის 2.5-ჯერ გაზრდა, რომელიც ჯამში 11500 მგვტ-ს უნდა მიუახლოვდეს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ, რითაც უპასუხა კითხვას - როგორია ქვეყნის გრძელვადიანი ენერგეტიკული ხედვა, ენერგეტიკული შესაძლებლობის რეალიზაციის შანსები და პოტენციალი, რომლის ათვისებაც საქართველოს შეუძლია?
მისივე თქმით, პარალელურად მიზანია, ელექტროენერგიის ექსპორტის 5-ჯერ გაზრდა და იმპორტზე დამოკიდებულების პრაქტიკულად განულება.
„ამისთვის საქართველოს მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსი აქვს. დღეს სისტემას დაახლოებით 4780 მგვტ დადგმული სიმძლავრე აქვს, 3500 მგვტ აქედან ჰიდროენერგიაზე მოდის, შემდეგი კი მზე და ქარი გახლავთ, რომელიც დივერსიფიკაციის გამოხატულებაა ენერგეტიკაში. დღეს 312 მოქმედი აქტიური პროექტი გვაქვს, რომელიც 60000 მგვტ სიმძლავრეს გულისხმობს, საიდანაც 1530 მგვტ არის ჰიდრო, 2340 არის ქარი და 2090 არის მზე. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ენერგეტიკული პოტენციალის რეალიზაციას მხოლოდ ერთი წყაროს განვითარებას არ დაუთმობს“, - აღნიშნა ფხალაძემ.













