საქართველოში ღია ბანკინგის გამოყენება მზარდ დინამიკას აჩვენებს. ბოლო ერთი წლის მონაცემებით, 2025 წლის თებერვლიდან 2026 წლის თებერვლის ჩათვლით, ღია ბანკინგით განხორციელებულია 915 ათასზე მეტი ტრანზაქცია.

ღია ბანკინგი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, თავად განსაზღვროს ვის, როდის და რა მოცულობით გაუზიაროს საკუთარი ფინანსური მონაცემები ციფრულ არხებში და ამავდროულად, უსაფრთხოდ მოახდინოს გადახდების ინიციირება სასურველი პლატფორმიდან. მონაცემთა გაზიარება და შესაბამისი ოპერაციები ხორციელდება სტანდარტიზებული API-ების (Application Programming Interface) გამოყენებით, მომხმარებლის მკაფიო და ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე.

თანამედროვე ციფრული ფინანსური ეკოსისტემის ფორმირება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომლის ცენტრალური მიმართულება ღია ბანკინგია. ამ მძლავრი ინფრასტრუქტურის შექმნას საფუძველი 2019 წლის ზაფხულში ჩაეყარა, ხოლო შემდგომ ჩამოყალიბდა სტანდარტიზებული ჩარჩო, რომელმაც უსაფრთხო API არხებით ანგარიშზე არსებული ინფორმაციის გაზიარებისა და გადახდის ინიციირების მომსახურებების ხელმისაწვდომობა უზრუნველყო. პროცესმა პრაქტიკული სახე 2021 წელს მიიღო, როდესაც სისტემაში კომერციული ბანკები ჩაერთნენ და მომხმარებლებს ღია ბანკინგის სერვისების გამოყენებით სრულიად ახალი საბანკო პროდუქტები შესთავაზეს. 2024 წლის ივლისში კი ეკოსისტემა ტრადიციული საბანკო სექტორის ფარგლებს გასცდა - სწორედ ამ დროს მიიღო პირველმა არასაბანკო სუბიექტმა ეროვნული ბანკისგან ღია ბანკინგში ჩართვის თანხმობა.

ბოლო ერთი წლის სტატისტიკა ღია ბანკინგის გამოყენების მზარდ დინამიკას ადასტურებს:

  • 915 ათასი+ ღია ბანკინგით ინიციირებული ტრანზაქციების რაოდენობა. ეს მაჩვენებელი მომხმარებელთა მხრიდან სწრაფი და უსაფრთხო გადახდის მეთოდებისადმი მზარდ ნდობაზე მიუთითებს და ადასტურებს, რომ ღია ბანკინგი ყოველდღიური ფინანსური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ყალიბდება.
  • 5 ათასი+ მომხმარებელთა აქტივობა ანგარიშის ინფორმაციის, გადახდის ინიციირებისა და ციფრული ონბორდინგის სერვისებში. ეს მაჩვენებელი ადასტურებს სტაბილურ მოთხოვნას იმ ინოვაციურ გადაწყვეტებზე, რომლებიც მომხმარებელს საკუთარი ფინანსების უფრო ეფექტურად მართვისა და კონტროლის შესაძლებლობას აძლევს.
  • 9.3 მლნ+ ღია ბანკინგის სერვისების ჯამური გამოყენება. ეს მასშტაბი ადასტურებს, რომ სისტემა მყარ და საიმედო ფუნდამენტად ჩამოყალიბდა, რომელიც ყოველდღიური ციფრული სერვისების შეუფერხებელ მუშაობას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესის მხრიდან ღია ბანკინგის შესაძლებლობების მიმართ ინტერესი საგრძნობლად იზრდება. ბაზარზე არსებული მოთხოვნის საპასუხოდ, მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ ღია ბანკინგის ეკოსისტემა მხოლოდ ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტებითა და ფინტექ კომპანიებით არ შემოიფარგლება - ის სრულიად ახალ პერსპექტივებს ხსნის ფართო ბიზნესსექტორისთვისაც, მაგალითად საცალო ვაჭრობისა და ელექტრონული კომერციის (E-commerce) მიმართულებით.

ღია ბანკინგში ჩართვა შეუძლიათ როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებულ სუბიექტებს, ისე იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მანამდე ეროვნული ბანკის ზედამხედველობას არ ექვემდებარებოდნენ. შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საცალო და სხვა არასაფინანსო სექტორის კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა, თავად განახორციელონ ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომისა (AIS) თუ გადახდის ინიციირების (PIS) მომსახურება. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ბიზნესს შეუძლია პირდაპირ საკუთარ პლატფორმაზე დანერგოს თანამედროვე, სწრაფი გადახდის მეთოდები. ვინაიდან ღია ბანკინგით ინიცირებული ტრანზაქცია, თავისი არსით, წარმოადგენს ანგარიშიდან ანგარიშზე (Account-to-Account) გადახდას, ის საგრძნობლად ამცირებს ტრადიციული შუამავლების საჭიროებას. შესაბამისად, ბიზნესი სრულიად სარგებლობს ღია ეკოსისტემის უპირატესობებით - მცირდება საოპერაციო ხარჯები და იზრდება უსაფრთხოება.

ელექტრონულ კომერციაში ღია ბანკინგის ინტეგრაციისა და ბიზნესისთვის შექმნილი ახალი უპირატესობების შესახებ დეტალურად გაეცანით ეროვნული ბანკის სტატიას - ღია ბანკინგი ელექტრონულ კომერციაში: ახალი შესაძლებლობები და განვითარების პერსპექტივები

ღია ბანკინგში ჩართვის მსურველმა ორგანიზაციებმა უნდა იხელმძღვანელონ „ღია ბანკინგში ჩართვის წესით“. დამატებითი ინფორმაცია მარეგულირებელი ჩარჩოსა და წესების შესახებ ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე: ღია ბანკინგი;

ღია ბანკინგით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს ეროვნული ბანკის ინოვაციების ოფისს ელექტრონულ მისამართზე: innovationoffice@nbg.gov.ge.