"იმ შემთხვევაში, თუ გლობალურ ეკონომიკაში არსებული რისკები არ გამწვავდება და ვითარება პოზიტიურად განვითარდება, საქართველოში ეკონომიკური ზრდა შესაძლოა უფრო მაღალი იყოს."- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, საქართველო მცირე და ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, რის გამოც საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე პროცესები ადგილობრივ ეკონომიკაზეც აისახება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ნავთობის ფასია, რომელიც ბოლო პერიოდში მკვეთრი მერყეობით ხასიათდება.

"ბუნებრივია ეს ეკონომიკურ აქტივობას აფერხებს და სირთულეების მოლოდინებს ქმნის სხვადასხვა ეკონომიკებში. არც საქართველოა გამონაკლისი. თუმცა ჩვენ გვაქვს როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი და საბაზისო სცენარი. ამ შემთხვევაში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ითვლება საკმაოდ კონსერვატიულად. ვფიქრობთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის რისკები მატერიალიზდება, რომლებზეც საუბარია და რომელთა მოლოდინიც არსებობს, 5%-იანი ზრდა მიღწეული იქნება. ხოლო თუ ეს რისკები არ მატერიალიზდება და გლობალურ ეკონომიკაში ვითარება პოზიტიურად განვითარდა, ბუნებრივია, ველით, რომ საქართველოში გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდება", – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, ეკონომიკური პროგნოზების განახლება კვარტალურად ხდება, რის საფუძველზეც მოსახლეობა და ბიზნესი ეკონომიკური დინამიკის შესახებ დამატებით ინფორმაციას შეიტყობს.

BP.GE