როგორც  Report.az SOCAR-ის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ისა და ყაზახეთის ეროვნული ნავთობკომპანია „ყაზმუნაიგაზის“ (KazMunayGas) ხელმძღვანელებმა აზერბაიჯანის გავლით ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობის გაზრდის შესაძლებლობა განიხილეს.

3 ნოემბერს SOCAR-ის პრეზიდენტი როვშან ნაჯაფი „ყაზმუნაიგაზის“ მმართველობის თავმჯდომარეს, ასხათ ხასენოვს შეხვდა, სადაც მხარეებმა 2024 წელს ხელმოწერილი მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების მიმდინარეობა შეაფასეს და ენერგეტიკის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

ყაზახური ნავთობი კასპიის ზღვის გავლით, აქტაუს პორტიდან ტანკერებით ბაქოში გადააქვთ, საიდანაც ის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით თურქეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ჯეიჰანის პორტამდე მიეწოდება.

SOCAR-სა და „ყაზმუნაიგაზს“ შორის ყაზახური ნავთობის ტრანზიტის შესახებ ძირითადი შეთანხმება 2022 წელს გაფორმდა. 2024 წლის მარტში მხარეებმა მიწოდების ეტაპობრივად გაზრდის შეთანხმებასაც მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც, აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტით ტრანსპორტირების მოცულობის წლიურად 2.2 მილიონ ტონამდე გაზრდაა გათვალისწინებული.

SOCAR-ის ინფორმაციით, 2026 წლის მარტისთვის აზერბაიჯანის გავლით ყაზახური ნავთობის ტრანზიტის ჯამურმა მოცულობამ 4 მილიონ ტონას მიაღწია.