საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი 2019 წლიდან.

გიორგი ნიკოლაძე ქართველი პარატაეკვონდოისტია, რომელიც -70 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. განსაკუთრებული ჟინითა და შეუპოვრობით მან მოკლე დროში შეძლო საერთაშორისო დონეზე თავის დამკვიდრება.

გადამწყვეტი ნაბიჯი სოფიაში გამართული ევროპის სალიცენზიო ტურნირი იყო. ამ ტურნირზე გამარჯვებით გიორგიმ პარიზის 2024 წლის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა.

ეს იყო მომენტი, როდესაც გიორგი პარალიმპიურ ასპარეზზე გავიდა და საქართველოს სახელით მეოთხედფინალში იასპარეზა.

მისი წარმატებები ამით არ შემოიფარგლება. გიორგის ბრინჯაოს მედლები აქვს მოპოვებული რომის გრან-პრიზე და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე. ის სტაბილურად ამტკიცებს, რომ ევროპის წამყვან პარატაეკვონდოისტებს შორის საკუთარი ადგილი დაიმსახურა.

მაგრამ რამდენად ხშირად ვსაუბრობთ ამ მიღწევებზე?

პარასპორტსმენების ისტორიებს ხშირად მხოლოდ მაშინ ვიხსენებთ, როდესაც ისინი მედალს იგებენ. თუმცა მათი მიღწევები და შესაძლებლობები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. შედეგად, პარალიმპიელი ჩემპიონები, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელით იბრძვიან, იშვიათად ხდებიან იმ ბრენდებისა და კამპანიების ნაწილი, რომლებიც მათ ცნობადობას მეტად გაზრდიდა.

სწორედ ამიტომ საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს პარალიმპიელი ჩემპიონებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების ჩართვას. კამპანიის მიზანია, რომ პარასპორტსმენებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ. ასე გაჩნდა კამპანიის მთავარი კითხვა: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია. ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“

კითხვა ბრენდებისთვის გამოწვევად იქცევა: შეავსონ ცარიელი ადგილი და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.

ჩემპიონები მზად არიან.

ახლა ბრენდების ჯერია.