“ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო განვითარებულ დავასთან დაკავშირებით, “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციისთვის" ახალი დეტალები გახდა ცნობილი, რის შესახებაც ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.
აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” – აფბა-სთვის ცნობილი გახდა ნათია ჯანაშიას მიერ, 2025 წლის 2 მაისს, ინგლისისა და უელსის იუსტიციის უმაღლესი სასამართლოს ბიზნესისა და ქონებრივი საქმეების სასამართლოში შეტანილი სარჩელის დამატებითი დეტალები, რაც ნათელყოფს, რომ ნათია ჯანაშია მთლიანად და სრულიად არ ენდობა და არ აღიარებს საქართველოს სასამართლო სისტემას.
საკითხი ეხება “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო განვითარებულ დავას, რომელიც მინორიტარმა აქციონერმა (30%) (ნათია ჯანაშია და მისი მეუღლე) და მაჟორიტარი აქციონერის (70%) (“საქართველოს განათლების ჯგუფი“, რომელიც „საქართველოს კაპიტალის“ შვილობილია) წინააღმდეგ როგორც საქართველოში, ასევე ლონდონში წამოიწყო.
ბრიტანეთში ნათია ჯანაშიას მოსთხოვეს ლონდონის სასამართლოში სარჩელის წარდგენის მიზეზი, მაშინ როდესაც იურისდიქციის თვალსაზრისით, დავა საქართველოს სასამართლოში უნდა განხილულიყო. ჯანაშიამ ლონდონის სასამართლო, სავარაუდოდ, შეცდომაში შეიყვანა, თითქოს მისი სარჩელები საქართველოს სასამართლოში არ განიხილებოდა, მაშინ როცა, უკვე არაერთხელ თავად ჯანაშიას და მის ადვოკატებს დადასტურებული აქვთ, რომ საქართველოს სასამართლოს არაერთი სარჩელით მიმართეს.
საინტერესოა, რომ ნათია ჯანაშიას ლონდონის სასამართლოს სარჩელშივეა აღნიშნული, რომ მას სურდა საქართველოში სასამართლო დავის წამოწყება, მაგრამ – ციტატა სარჩელიდან: “იგი გააფრთხილეს, რომ ქვეყანაში რეჟიმის ცვლილებიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს ევროპის გზიდან რუსეთისკენ გადახვევას, ქართული სასამართლოები შემჩნეულები არიან ზეწოლასა და კორუფციულ საქმიანობაში.”
სარჩელის ამ ნაწილიდან ცალსახად იკვეთება ნათია ჯანაშიას პოზიცია, რომ იგი არ ენდობა, შესაბამისად, უპირისპირდება საქართველოს ხელისუფლებას ზოგადად, ხოლო უფრო კონკრეტულად, საქართველოს სასამართლო სისტემას მთლიანობაში. თუმცა, საამისოდ მოხმობილი არგუმენტები, იმდენად განზოგადებულ და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ელფერს ტოვებს, რომ მათზე არგუმენტირებულად, ანუ სერიოზულად მსჯელობა, უბრალოდ, შეუძლებელია.
კიდევ ერთი ციტატა ნათია ჯანაშიას სარჩელიდან: “მოსარჩელეს სჯერა, რომ იგი საქართველოში ეფექტიან სასამართლო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გარეშე დარჩა, ვინაიდან საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებობს სერიოზული პრობლემები სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით, განსაკუთრებით იმ მოსამართლეებთან დაკავშირებით, რომლებმაც განიხილეს მოსარჩელეს სარჩელები, კერძოდ ბ-ნი არჩილ კოჭლამაზაშვილი და ბ-ნი ლაშა თავართქილაძე. მოსამართლეები მუშაობენ იმ სისტემაში, რომლის მთავარი მოქმედი პირები დასანქცირებულები არიან აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და უკრაინის ხელისუფლებების მიერ. 2025 წლის 2 აპრილს, დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების სამინისტრომ სანქციები დაუწესა ორ სასამართლო ფიგურას, მიხეილ ჩინჩალაძეს და ლევან მურუსიძეს.
მოსარჩელეს სჯერა, რომ სასამართლო სისტემაში არსებული ზეგავლენებისა და გავლენების ჯაჭვის გათვალისწინებით, ასევე სასამართლო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საერთაშორისო შეშფოთების ცნობაში მიღებით, საქართველოში მისი საქმეების სამართლებრივი საფუძვლების მიხედვით განხილვას არანაირი გონივრული პერსპექტივა არ აქვს”. – ციტატის დასასრული.
აფბა დაინტერესდა იმ პირების საქმიანობით, რომლებიც ნათია ჯანაშიამ და მისმა მეუღლემ, ფაქტობრივად და ავტომატურად, სანქცირებულ პირებს გაუტოლეს და რეპუტაციის შემლახველი ეპიტეთებით მოიხსენიეს და დაადანაშაულეს დამოუკიდებლი გადაწყვეტილების მიღების უუნარობაში.
ბ-ნი არჩილ კოჭლამაზაშვილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა, რომელიც ნათია ჯანაშიას სარჩელის შეტანიდან 25 დღეში საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ განამწესა, ხოლო შემდეგ 2025 წლის 27 ოქტომბერს, მოსამართლეთა რიგით 36-ე კონფერენციაზე იუსტიციის საბჭოს წევრად აირჩიეს და მას მხარი 295-მა დელეგატმა დაუჭირა. ის იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებს.
არჩილ კოჭლამაზაშვილი არცერთი ქვეყნის სასანქციო სიებში არ არის მოხსენიებული.
ბ-ნი ლაშა თავართქილაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლეა და არც ის გახლავთ არცერთ სასანქციო სიაში დასახელებული პირი.
ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რაში დასჭირდათ ქართველი მოსამართლეების პროფესიონალიზმისა და დამოუკიდებლობის დაკნინება ნათია ჯანაშიას და მის მეუღლეს და რა კავშირი აქვს „საქართველოს განათლების ჯგუფთან“ დავას ბრიტანეთისა და უკრაინის მიერ გარკვეული პირების სანქცირებასთან? თუ ეს „თაღლითური ხრიკი“ მხოლოდ იმიტომ გამოიყენეს, რომ როგორმე ლონდონის სასამართლო საქმის მიღებასა და შემდგომში განხილვაზე დაეყოლებინათ, შეგვიძლია გარანტირებულად განვაცხადოთ, რომ ასეთი სიყალბე მყისიერად გამომჟღავნდება და ნათია ჯანაშიას მოუწევს თავის მართლება ლონდონელი მომსამართლეების შეცდომაში შეყვანის მცდელობისთვის.
მაგრამ ეს კიდევ არ არის ის, რაც ამ სავარაუდო თაღლითობის აქამდე არარსებული პრეცედენტს ქმნის. უპრეცედენტოა, რომ ნათია ჯანაშიამ ლონდონის სარჩელში კორუფციაში, არაპროფესიონალიზმსა და დამოუკიდებლობის არარსებობაში დაადანაშაულა არამარტო კონკრეტული მოსამართლეები, არამედ მთლიანად საქართველოს სასამართლო სისტემა და საქართველოს ყველა მოსამართლე, იმიტომ რომ ისინი სასამართლო სისტემაში მუშაობენ", - ნათქვამია აფბას მიერ გავრცელებულ განცხადებაში













