„მოსახლეობისთვის ტარიფის ზრდა შეადგენს 5 თეთრს, ხოლო არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის 4-დან 6 თეთრამდე - ცალკეული ძაბვის საფეხურების მიხედვით“, - ამის შესახებ „სემეკის“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო დაბალანსებული გადაწყვეტილება.

"მარეგულირებელმა კომისიამ, დღევანდელ სხდომაზე, დაადგინა საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ტარიფები, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. მოსახლეობისთვის ტარიფის ზრდა შეადგენს 5 თეთრს, ხოლო არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის 4-დან 6 თეთრამდე, ცალკეული ძაბვის საფეხურების მიხედვით.

ტარიფის ზრდის უმთავრესი საფეხური გახლავთ გაზრდილი მოხმარება, ენერგიის გაზრდილი ფასები, ასევე ქვეყნის ელექტროენერგიაზე იმპორტ დამოკიდებულება, მთელი რიგი შემოდგომა-ზამთრის თვეების განმავლობაში.

გარდა ამისა, გათვალისწინებულია ინვესტიციის მხოლოდ ოპტიმალური მოცულობა იმისთვის, რომ ქსელში არსებული ავარიები ეტაპობრივად შემცირდეს და მოსახლეობისთვის, ისევე როგორც კომერციული სექტორისთვის, ელექტროენერგიის მიწოდების მდგომარეობა გაუმჯობესდეს. აქედან გამომდინარე, ინვესტიციის მოცულობა, ბოლო პერიოდის განმავლობაში, იქნა დაკორექტირებული და დამტკიცებული მარეგულირებელი კომისიის მიერ ისეთნაირად, რომ ამას ტარიფზე არ ჰქონოდა დიდი ზეგავლენა. თუმცა ინვესტიციების ჩადების გარეშე კომისია მიიჩნევს, რომ მდგომარეობა გაუარესდებოდა, ანუ უფრო გაიზრდებოდა ავარიები, წყვეტები. აქედან გამომდინარე, მოსახლეობა იქნებოდა მეტად დაზარალებული, ისევე როგორც კომერციული სექტორი.

ელექტროენერგიის წყვეტა არის ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგები, სწორედ ამიტომ, მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო დღეს დაბალანსებული გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ ჩვენს მიერ დადგენილი ტარიფი შენარჩუნდება რამდენიმე წლის განმავლობაში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.