ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გადავხედეთ ხელშეკრულებას ზედამხედველ კომპანიასთან და შედეგად, პროექტის ღირებულება 25%-ზე მეტით შემცირდა. კონკრეტულად, შემცირდა 52,5 მილიონი დოლარით - უახლოეს დღეებში აქტიურად განახლდება სამშენებლო პროცესი ანაკლიაში,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სხვადასხვა მიმართულებით „სერიოზული ოპტიმიზაცია განხორციელდა“.

„შევეხები ანაკლიის ინფრასტრუქტურის თემას. როგორც მოგეხსენებათ, გასული რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელდა არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში გასაწევი სახელმწიფო ხარჯების სერიოზული ოპტიმიზაცია სხვადასხვა მიმართულებით. სხვა ხელშეკრულებებთან ერთად, ჩვენ ასევე, გადავხედეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის დაღრმავებასთან და ტალღამტეხის მოწყობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას, რომლის პირვანდელი ღირებულება იყო 203,9 მილიარდი დოლარი.

ასევე, გადავხედეთ ხელშეკრულებას ზედამხედველ კომპანიასთანაც, შედეგად, პროექტის ღირებულება 25%-ზე მეტით შემცირდა. კონკრეტულად, პროექტის ღირებულება შემცირდა 52,5 მილიონი დოლარით და შედეგად, უახლოეს დღეებში აქტიურად განახლდება სამშენებლო პროცესი ანაკლიაში ბევრად უფრო შემცირებული ხარჯებით. ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად, მინიმალური საბიუჯეტო დანახარჯებით განხორციელდეს. მინდა მადლობა გადავუხადო ეკონომიკის მინისტრს და მის გუნდს, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, 52 ნახევარი მილიონი დოლარი დაუზოგა“,- განაცხადა კობახიძემ.