საქართველოს ლარში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები ამერიკული საინვესტიციო ბანკის J.P. Morgan-ის მიერ შექმნილ ახალ ინდექსში, GBI-EM Edge-ში მოხვდა. ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის შეფასებით, ინდექსში ჩართვა ქართული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ხილვადობას გაზრდის და ინვესტორთა ბაზის გაფართოებას შეუწყობს ხელს.

„საქართველოსთვის ეს მნიშვნელოვანი აღიარებაა იმ პროგრესის, რომელიც ადგილობრივი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაში, ბაზარზე წვდომის გაძლიერებასა და საერთაშორისო ინვესტორების საჭიროებებზე მორგებული საორიენტაციო ინსტრუმენტების შექმნაში იქნა მიღწეული.

GBI-EM Edge-ში საქართველოს ჩართვა გაზრდის ქართული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ხილვადობას, გააფართოებს და გაამრავალფეროვნებს ინვესტორთა ბაზას და ხელს შეუწყობს ადგილობრივ ვალის ბაზარზე ლიკვიდობისა და სიღრმის ზრდას“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის გაღრმავება ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისა და მთავრობის დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირებისთვის.

„უფრო ღრმა და დივერსიფიცირებული ადგილობრივი კაპიტალის ბაზარი მნიშვნელოვანია საქართველოს ფინანსური სტაბილურობისთვის, ქმნის მთავრობის დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირების დამატებით შესაძლებლობებს და აძლიერებს კერძო სექტორის კაპიტალზე წვდომის საფუძვლებს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

J.P. Morgan-ის GBI-EM Edge ინდექსის საერთო საბაზრო ღირებულება დაახლოებით 328 მილიარდ დოლარს შეადგენს. ის 26 ქვეყნის, 24 ეროვნული ვალუტისა და 425 ინსტრუმენტის სახელმწიფო ობლიგაციებს მოიცავს. საქართველოს წილი ინდექსში 1.79%-ია.

ინდექსი შექმნილია განვითარებადი, ე.წ. frontier ბაზრების ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკის ასახვისთვის. ინდექსში მოსახვედრად ობლიგაციის მოცულობა მინიმუმ 250 მილიონი დოლარის ეკვივალენტი, ხოლო ვადამდე დარჩენილი პერიოდი არანაკლებ 2.5 წელი უნდა იყოს. ერთი ქვეყნის მაქსიმალური წილი ინდექსში 8%-ით არის შეზღუდული.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, საერთაშორისო ინდექსებში ჩართვა ლარში დენომინირებულ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს საერთაშორისო საინვესტიციო ბენჩმარკის შემადგენლობაში აქცევს. ასეთ ინდექსებს ინსტიტუციური ინვესტორები და აქტივების მმართველი კომპანიები პორტფელების სტრუქტურირებისა და შედეგების შეფასებისთვის იყენებენ.

საქართველოს წილი GBI-EM Edge-ში 1.79%-ს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის ობლიგაციებს ინდექსში ცალკე, თუმცა შედარებით მცირე წონა ექნება. ინდექსის გამოყენების შემთხვევაში ეს შეიძლება დამატებით შეეხოს იმ საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც შესაბამის ბენჩმარკებს პორტფელების მართვისას იყენებენ.

ინდექსში საქართველოს ჩართვა ადგილობრივი ობლიგაციების ბაზრის განვითარების პროცესს ემთხვევა. 2026 წლის მაისში ადგილობრივ ბაზარზე სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვება განხორციელდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოშვებაში საერთაშორისო ინვესტორების მაღალი აქტივობა დაფიქსირდა.

ახალ ინდექსში ყველაზე დიდი წონები ეგვიპტეს, ვიეტნამს, მაროკოს, ყაზახეთს, ბანგლადეშს, პაკისტანს, ნიგერიასა და შრი-ლანკას აქვთ. ინდექსის დაახლოებით 45% აფრიკის ქვეყნებზე, ხოლო თითქმის მესამედი Frontier Asia-ს ქვეყნებზე მოდის. J.P. Morgan-ის შეფასებით, ინდექსში შემავალი ობლიგაციების ნომინალური შემოსავლიანობა დაახლოებით 10.4%-ია, რაც ფართო განვითარებადი ბაზრების ადგილობრივი ვალუტის ობლიგაციების ინდექსზე დაახლოებით 4.4 პროცენტული პუნქტით მაღალია.