ახლა ისე არის განვითარებული ბაზარი, რომ 4-წლიან პერიოდში საკმაოდ რთული იქნება სისტემური ცვლილება - მაგრამ, დოკუმენტის მიღება დადებით როლს შეასრულებს, თუ კი ის სწორად იქნება გადმოტანილი, საერთაშორისო პრაქტიკებიდან,- ამის შესახებ „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ლაშა რიჟამაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მიმართულებით რამდენიმე წლის წინ რომ ყოფილიყო ცვლილებები მიღებული, დღეს ბაზარზე ჯანსაღი ვითარება იქნებოდა.

„უსამართლო სავაჭრო პრაქტიკის აღმოფხვრის შესახებ შესაბამისი რეგულაციის მიღებასა და საერთაშორისო პრაქტიკის გადმოტანას, ასოციაცია და მთლიანად სადისტრიბუციო სექტორი, მათ შორის ადგილობრივი მწარმოებლები, წლების განმავლობაში ვითხოვდით, რომელიც ამ ურთიერთობებს გააუმჯობესებდა და კარგია თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მსგავსად 2023 წლისა, როდესაც კანონპროექტი მზადდებოდა და გაურკვეველი მიზეზების გამო შეჩერდა.

ასევე, აღვნიშნავ, რომ ეს კანონი ჩვენ რამდენიმე წლის წინ რომ მიგვეღო, ბევრად ჯანსაღი ვითარება იქნებოდა ბაზარზე. ახლა ისე არის განვითარებული ბაზარი, რომ 4-წლიან პერიოდში საკმაოდ რთული იქნება სისტემური ცვლილება. მაგრამ, დოკუმენტის მიღება მნიშვნელოვნად დადებით როლს შეასრულებს, თუ კი ის სწორად იქნება გადმოტანილი, საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე.

მაგრამ, თუ ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ გადახდის ვადებსა და ციფრულ წვდომაზე ცვლილებების განხორციელებაზე, მიუხედავად იმისა, რომ კარგია, ეს საკმარისი ვერ იქნება, რადგან კიდევ ბევრი სხვა ელემენტია, რომელსაც საერთაშორისო პრაქტიკა ითვალისწინებს, მათ შორის ევრო დირექტივა.

ევროკავშირის დირექტივის გარდა, არსებობს საერთაშორისო პრაქტიკაც, რომელიც ძირითად შემთხვევაში, ემსახურება მიზანს, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე სუბიექტი ვინც არის ამ ურთიერთობაში, ანუ შემსყიდველმა, დააწესოს თამაშის წესები, რადგან სამართლიანი სავაჭრო პირობები დადგინდეს“,- განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.

მისივე თქმით, ქსელურ მარკეტებს და სადისტრიბუციო კომპანიებს დიდი ლოჯისტიკური ცენტრები აქვთ, რომლებიც დროთა განმავლობაში, ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, უფრო და უფრო ვითარდება.

„როგორც ქსელურ მარკეტებს, ისე სადისტრიბუციო კომპანიებს აქვთ საკმაოდ დიდი ლოჯისტიკური ცენტრები, რომლებიც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ვითარდება, ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე. ის, რომ ლოჯისტიკური ცენტრები არსებით და მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ფასზე, ეს მსჯელობის საგანია. ეს რთული პროცესია და მთლიანობაში რა გავლენა ექნება, ამის შეფასება რთულია. ეს გრძელვადიანი პროცესია და დიდ ინვესტიციებთან, ტექნიკურ და მატერიალურ მხარდაჭერასთანაა დაკავშირებული“,- განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.

რიჟამაძის შეფასებით, საზღვარგარეთის პრაქტიკაც და ევრო დირექტივაც ითვალისწინებს ისეთი უწყების მუშაობას, როგორიც კონკურენციის სააგენტოა, რომელიც სამართლიანად დადგენილი ვაჭრობის შესახებ ნორმების აღსრულებას ზედამხედველობს და შესაბამისი ბერკეტი აქვს, რომ შესაბამისი ღონისძიება გაატაროს, ამ ურთიერთობებში კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის.

„ზოგადად საზღვარგარეთის პრაქტიკა, მათ შორის ევრო დირექტივას თუ ავიღებთ, გარკვეულ ზედამხედველობას სამართლიანი ვაჭრობის პირობების დადგენაზე კონკურენციის სააგენტო ახორციელებს, რომელიც ამ სამართლიანად დადგენილი ვაჭრობის შესახებ ნორმების აღსრულების ზედამხედველობს და შესაბამისი ბერკეტი აქვს, რომ შესაბამისი ღონისძიება გაატაროს, ამ ურთიერთობებში კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის“,- განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.