ეკონომისტ პაატა ბაირახტარის შეფასებით, ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურების მთავარი მიზეზი აჟიოტაჟური მოთხოვნაა.

მისი თქმით, მართალია, ქვეყანაში რთული პოლიტიკური ფონია და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირდება, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერჯერობით ლარის კურსზე გავლენას ვერ მოახდენდა.

„ის, რაც ლართან დაკავშირებით ხდება Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე წმინდად აჟიოტაჟური ფონია. არა იმიტომ, რომ ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი წესრიგში გვაქვს, იმიტომ, რომ ეს პარამეტრები ჯერ ლარის კურსზე გადაცემას ვერ მოასწრებდა. დღევანდელი მდგომარეობით, Bloomberg-ზე ის მდგომარეობა, რასაც ვხედავთ, გამოწვეულია აჟიოტაჟური მოთხოვნით, რომელიც როგორც წესი, ჩვენს სავალუტო ბაზარს ახასიათებს. მე ყოველთვის ვეუბნები სავალუტო ბაზრის მონაწილეებს, რომ  როგორც წესი ასეთ დროს უფრო  ხშირად ზარალდება სავალუტო ვაჭრობის მონაწილე, ვიდრე ის გარკვეულ „ჰეჯირებას“ ახდენს.

რა თქმა უნდა, ეს აჟიოტაჟი კურსზე ტექნიკურ წნეხსაც ახდენს“,- აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8512 ლარი გახდა.

commersant.ge