საქართველოს მთავრობამ თურქულ კომპანია ENKA Insaat-თან, რომელიც ნამოხვანის ჰესის პროექტს ახორციელებდა საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა წააგო.
საქართველოსთვის დაკისრებული კომპენსაცია 383.2 მილიონი დოლარია, რაც მიმდინარე გაცვლითი კურსით 1.1 მილიარდ ლარს შეადგენს. არსებული მდგომარეობით ეს არის საქართველოს სამინისტროების უმეტესობის დაფინანსებაზე მეტი, მაგალითად 2025 წლისთვის ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება დაგეგმილია 947 მილიონ ლარზე, ხოლო ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტი 121 მილიონი ლარით არის განსაზღვრული, შესაბამისად ამ ორივე უწყების ბიუჯეტი ნაკლებია ვიდრე ENKA-თვის გადასახდელი კომპენსაციის მოცულობა.
GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორის, მაია მელიქიძის შეფასებით, ნამოხვანჰესის პროექტის შეჩერება ფინანსური და ენერგეტიკული ზარალის გარდა, საინვესტიციო გარემოსაც უქმნის საფრთხეს.
„ენერგეტიკის სფერო ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან მოთხოვნა-მიწოდების მხრივ გარკვეული ნაპრალი გვაქვს- იმაზე მეტ ენერგიას მოვიხმართ, ვიდრე ვაწარმოებთ. 433 მეგავატი უნდა ეგენერირებინა ნახამოხვანჰესს, რისი არქონაც ახლა ძალიან დაგვაზარალებს გარდა იმისა, რომ ბიუჯეტიდან საკმაოდ ბევრია არბიტრაჟის წაგების შემდეგ გადასახდელი.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყანა, ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. დიდი მოლოდინი იმისა, რომ თანხა სერიოზულად დაკორექტირდება არ მაქვს, რადგან „ენკა“ საკმაოდ მსხვილი ინვესტორია, რომელსაც ძალიან სერიოზული ინვესტიციის განხორციელება ჰქონდა გეგმაში. მოსახლეობის ნაწილსაც ჰქონდა კომპენსაციები აღებული, აღსანიშნავია, რომ როცა მსხვილი ინვესტორი ასრულებს პროექტს, მას ვალდებულებაც აქვს და ისედაც, აწესრიგებს ტერიტორიას. ერთი მხრივ, „ენკას“ გასვლით ჩვენ მოგვადგა ფინანსური ზიანი, ხოლო მეორე მხრივ- უდიდესი რეპუტაციული ზიანი; ასევე, კითხვითი ნიშანი გაჩნდა ენერგოდამოუკიდებლობის მხრივ, რადგან „ნამახვანის გარდა, ვერც ხუდონი ხორციელდება.
მესმის ის არგუმენტაცია, რომ პატარა პროექტები მშენებლობის პროცესშია, მაგრამ ეს ვერ აკომპენსირებს ნამოხვანის პროექტს, რომელიც ამხელა შესაძლებლობა იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის“,- ამბობს მელიქიძე.
მელიქიძე ჰესის მშენებლობის ეტაპზე დისკომუნიკაციის პრობლემაზე საუბრობს. GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება. ამის ვალდებულება კი ინვესტორს და ადგილობრივ ხელისუფლებას ეკისრება.
„აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ დემოკრატიულ სამყაროში, არ შეიძლება მხოლოდ ინვესტორის ინტერესები იყოს დაცული ან მხოლოდ მოსახლეობის და სახელმწიფოს. აუცილებელია, ხეობის მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაცია. ის კანონპროექტი, რომელიც „გრედამ“ შეიმუშავა სწორედ ამ კომპონენტს ავსებს. მოსახლეობასთან კომუნიკაციის პროცესში აუცილებელია მათთან სიღრმისეული დიალოგი, თუ ეს დიალოგი არ ჩაივლის სწორად, შემდეგ დეზინფორმაცია ძლიერდება. ამიტომაც ვუჭერ მხარს ადგილობრივი ხელისუფლების და მუნიციპალიტეტის აქტიურ ჩართულობას. სანამ პროექტი დაიწყება, ინვესტორი და ადგილობრივი ხელისუფლება უნდა შეხვდეს მოსახლეობას და ბევრ კრიტიკულ კითხვას, ნათლად, გასაგებად გასცენ პასუხი.
ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებას, ბუნებრივია, ყოველთვის მოჰყვება გარემოზე ზეგავლენა, მაგრამ აქ არის საუბარი ბალანსზე. მოსახლეობას არ უნდა ეგონოს, რომ ყველაფერი ინვესტორს რჩება და მათ არაფერი. აუცილებელია, ცნობიერების ამაღლება, დიალოგი და ერთი მაგიდის გარშემო დასხდომა. ბოლოს კი იმ სარგებლის დანახვა, რაც ამ პროექტს გააჩნია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სახის პროექტები მომავალში მეტი გონივრულობით იქნება დაგეგმილი“,- თქვა მაია მელიქიძემ.