"უამრავი ადამიანია, რომელიც ძებნაშია სხვადასხვა დანაშაულის გამო და ვერ ხერხდება მათი ექსტრადირება"

საკანონმდებლო ორგანოში დაჩქარებული წესით განიხილავენ კანონპროექტს, რომელიც ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე მსჯავრდებულებს საქართველოს დატოვებას უზღუდავს, ქვეყნიდან გასვლას კი 16 წლით უკრძალავს. ბოლო პერიოდში ამ მხრივ დანაშაულის მასშტაბებმა საგრძნობლად მოიმატა. მასთან ბრძოლის მთავარ იარაღად ხელისუფლებამ კანონის გამკაცრება მიიჩნია.

ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, ფინანსურ დანაშაულებზე მსჯავრდებულებს საქართველოდან გასვლა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით ეკრძალებათ და ქვეყნიდან გასვლის აკრძალვაც მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საშუალებით არის შესაძლებელი. კანონის ახალი პროექტით, მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლა სასამართლოს მიერ გამამტყუნებელ განაჩენში მითითების გარეშეც დაეკისრება.

ცვლილებების პროექტით, რომელსაც პარლამენტი იხილავს, რიგ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლევ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ იქამდე, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ. ამასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ მიერ სექტემბრის დასაწყისში მიღებული კანონები კიდევ უფრო მკაცრდება. პროექტის მიხედვით, პირს, რომელსაც ფინანსური ან ეკონომიკური ზიანის ანაზღაურება ეკისრება, ელექტრონული სამაჯურის ტარება ევალება, ხოლო მას და მის ოჯახის წევრებს, შესაძლოა, ქონება ჩამოერთვას და დაზარალებულის სასარგებლოდ მიექცეს. ვიდრე მსჯავრდებული ზარალს არ აანაზღაურებს, საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი თანხის ფლობა ეკრძალება. გარდა ამისა, ასეთი პირისთვის ფულის ან ქონების გადაცემა ცალკე დანაშაულად ჩაითვლება და დაისჯება ჯარიმით ან ხუთ წლამდე პატიმრობით.

ცვლილებები შედის „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“, „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონში, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ კანონსა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში.

როგორც მოსალოდნელი იყო, პროექტს საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ბოლო ცვლილებას, რომელიც პარლამენტმა სექტემბერში მიიღო, თაღლითობაში ბრალდებულ ბიზნესმენს, „საინვესტიციო ფონდის თავმჯდომარე“ გიორგი ბაჩიაშვილს უკავშირებდნენ, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინები მოიპარა.

უცხოეთში გაქცეული გიორგი ბაჩიაშვილი ჩამოიყვანეს, დააპატიმრეს და სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ამიტომ, ახალი ცვლილებების ბაჩიაშვილთან კავშირი მთლად ლოგიკური არ არის. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ეფექტიანად აღკვეთის პარალელურად, საზოგადოება თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ადევნებს თვალს ხელისუფლების ბრძოლას კორუფციასთან, რის გამოც არაერთი მოქმედი თუ ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა ან სამომავლოდ დააკავებს.

სწორედ აქედან გამომდინარე, ეკონომისტი და იურისტი ლევან ალაფიშვილი, „რეზონასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ცვლილების ეს პროექტი ხელისუფლებას თავისივე თანაგუნდელების „დასაშინებლად“ სჭირდება, თორემ სხვა შემთხვევაში, თუნდაც ეკონომიკურ დანაშაულში მსჯავრდებული პირისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა არაკონსტიტუციურია. 

„კანონპროექტის ინიციატორებმა და მხარდამჭერებმა უნდა განუმარტონ საზოგადოებას და წონადი არგუმენტები წარმოადგინონ გადაადგილების შეზღუდვისთვის, რადგან საკითხი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას ეხება. შესაბამისად, გადაადგილების თავისუფლება რომ შეიზღუდოს, მას უნდა ჰქონდეს სერიოზული, ლეგიტიმური მიზანი. აუცილებელია, ეს მოხდეს მხოლოდ სასამართლოს კონტროლით, როგორც წინასწარი, ასევე შემდგომი ან მიმდინარე სასამართლო კონტროლით.

კონსტიტუციურ უფლებაში ასეთი ქირურგიული ჩარევა, თანაც ყოველგვარი დასაბუთებისა და ჯეროვანი პროფესიული დებატების გარეშე, შესაძლოა, სერიოზულ პრობლემად იქცეს. თავისთავად, ეს რას გამოიწვევს, წესით, ინიციატივის ავტორებს ნაფიქრი უნდა ჰქონდეთ, აგრეთვე კონსულტაციები უნდა გაევლოთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სამართალდამცავ ორგანოებთან. აუცილებლად გაიზრდება მიმართვიანობა სამართალდამცავ ორგანოებში, მიუხედავად იმისა, რომ დავა, შეიძლება, სამოქალაქო იყოს“, - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

მისი აზრით, ამ საკანონმდებლო ინიციატივის კიდევ ერთი ნაკლი მისი კონსტიტუციასთან შესაბამისობაა, რადგან კანონი არ არის მხოლოდ ფორმალური აქტი, იგი განხილული და მიღებული უნდა იყოს სწორედ ისეთი გამჭვირვალე პროცედურებით, რომელიც ფართო მსჯელობას გულისხმობს.

„ასეთი განხილვა არ ყოფილა, ხოლო ფორმალური საკომიტეტო მოსმენებით პროცესის კონსტიტუციურობის სტანდარტი ვერ იქნება დაკმაყოფილებული. ასე რომ, ბევრი კითხვის ნიშანია. თუკი ეს კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში ან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაჩივრდება და ასეთი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებით წარიმართება ოპონირება, ვფიქრობ, არ გაძნელდება მისი არაკონსტიტუციურობის ან კონსტიტუციასთან წინააღმდეგობის დადასტურება - ეს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან წინააღმდეგობის დადასტურება, თუკი სტრასბურგში წავა ეს საქმე“, - განუცხადა „რეზონანსს“ ლევან ალაფიშვილმა.

განსხვავებული პოზიცია აქვს ექსპერტ ამირან სალუქვაძეს, რომელმაც ცვლილებების პროექტზე საუბრისას აღნიშნა, რომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა კონკრეტულ პირებს არ უკავშირდება, თუმცა, გარკვეულწილად, სხვადასხვა მიმართულებით კორუფციის დონეს აუცილებლად შეამცირებს.

„რაც შეეხება სიმკაცრეს ეკონომიკურ დანაშაულებთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყნებში არის მსგავსი პრაქტიკა - კორუფციას და დაუსაბუთებელ ქონებას ებრძვიან ყველგან, სხვადასხვა მეთოდებით. რა თქმა უნდა, როდესაც გარკვეული სუბიექტის მიმართ დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა, მას უნდა შეეზღუდოს ქვეყნიდან გასვლა იმიტომ, რომ უამრავი ფაქტია არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სხვა დანაშაულების გამო, როდესაც პირი ტოვებს ქვეყანას და შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში, ვერ ხერხდება მისი ექსტრადირება. უამრავი ადამიანია, რომელიც ძებნაშია სხვადასხვა დანაშაულის გამო, ამიტომ ოპერატიულობა ასეთ სიტუაციაში, აბსოლუტურად ლოგიკურია.

ცვლილებების ამ პროექტში, ეკონომიკურ დანაშაულებზე მთავარი აქცენტი რომ ზარალის ანაზღაურებაზეა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ კონკრეტული ადამიანი, კონკრეტული ჩინოვნიკი, თუ ჩინოვნიკთან გარიგებული პირი, გნებავთ, ბიზნესმენი აზარალებს სახელმწიფო ბიუჯეტს, მაგრამ თანხას ვერ ან არ აბრუნებს, დაპატიმრების შემთხვევაში, ისევ ბიუჯეტის ხარჯზე გვიწევს მისი შენახვა. ამიტომ ამოსავალი წერტილი აქ ფინანსური ზარალის ანაზღაურებაა და აბსოლუტურად სწორი აქცენტებია“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას ამირან სალუქვაძემ.

წყარო: რეზონანსი