ქართული და დაღესტნური საზოგადოება თავის თვალსაჩინო შვილს, ავარელ (დაღესტნელ) კინომსახიობს, რეჟისორს, პოეტს, კინო-აკადემიისა და მწერალთა კავშირების წევრს, ალი ისაევ-ავარსკის ემშვიდობება. მძიმე  ავადმყოფობის შემდეგ, ალი ისაევ-ავარსკი 88 წლის ასაკში 28 სექტემბერს გარდაიცვალა.

ალი ისაევ-ავარსკიმ, 1974 წელს დაამთავრა - კინოსტუდია ,,ქართული ფილმთან” არსებული, კინომსახიობთა სასწავლო სტუდია (ხელმძღვანელები: ელდარ შენგელაია და რევაზ ჩხეიძე). განსახიერებული აქვს ,,ქართული ფილმი”-ს და საზღვარგარეთის კინოსტუდიების მიერ დადგმულ მხატვრულ ფილმებში მრავალი ეკრანული სახე. კერძოდ: ,,დიდოსტატის მარჯვენა”(1970), ,,ქორწილი”(1973), ,,ლევან ხიდაშელი“ (1973), ,,საჰაერო ხიდი”(1974), ,,გაქცევა გათენებისას”(1975), ,,კოლხური ბალადა”(1975), ,,კავკასიელი ტყვე”(1975), ,,მიზანი” (1979), ,,მშობლიურო ჩემო მიწავ /რაიკომის მდივანი/”(1980), ,,თბილისი, პარიზი, თბილისი”(1980), ,,წითელი ვაშლების ხანა”(1981), ,,ცეცხლოვანი გზები”(1978-1984), ,,წიგნი ფიცისა”(1983), ,,გაზაფხული გადის”(1983), ,,ზოგი ჭირი მარგებელია”(1984), ,,ამბავი სურამის ციხისა”(1984), ,,ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა”(1984), ,,ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი”(1989), ,,შამილი - სამოთხე ხმლების ჩრდილ ქვეშ”(1992) და სხვა...

 ალის ისაევ-ავარსკის მიერ გადაღებულია - დოკუმენტური ტრილოგია - ,,საქართველო და დაღესტანი, მიზიდულობის ფორმულა”, სამი შემადგენელი ნაწილი: - ,,რასულ გამზათოვი და საქართველო”(1999), - ,,საქართველო დაღესტნელთა თვალით” (2001), - ,,ქართველების თვალით დანახული დაღესტანი” (2010).

ტრილოგია შეფასებულია, როგორც ქართულ-დაღესტნური ურთიერთობის მემატიანე.

 აღიარებულია ალი ისაევ-ავარსკის საავტორო პროზაული და პოეტური ნაწარმოებები - ,,დაღესტნური რტო, ქართულ მუხაზე”(1978), ,,მთიელი ჭაბუკის ფიცი”(1986), ,,გზა მშვიდობისა”(1986), ,,ამბავი ერთი სიყვარულისა”(2000), ,,არწივის ბუდე”(2009), ,,გულის ძახილი სისხლის ყივილი”(2010), ,,ქვეყანა, სადაც სიყვარული მეფობს” /სამტომეული/ (2011-2011-2012).

 ალი ისაევ-ავარსკი, შემოქმედებითი და საზოგადოებრივი ღვაწლისათვის დაჯილდოებულია: 1985 წელს - საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდებით, 1998 წელს, დაღესტნის ა/რესპუბლიკის ,,შამილი”-ს მედლით, 2001 წელს, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით - ,,ღირსების” ორდენით, 2008 წელს ქ. თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებით, 2017 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ქართულ-დაღესტნური და აფხაზეთის ომის დროს მეგობრული ურთიერთობების  შენარჩუნებაში შეტანილი წვლილისათვის და საქართველოს კინოაკადემიის და მწერალთა კავშირების ჯილდოებით.

შეუფასებელია მისი, სამოქალაქო პოზიცია, როცა 1992 წლის აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების ფონზე, დაუყოვნებლივ ჩავიდა დაღესტანში და სახალხო დიპლომატიის უმაღლესი სტანდარტებით ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ დაღესტანის იმდროინდელი მმართველი გუნდისგან მიმდინარე ომში არჩართვის პირობა მიეღო. ეს პირობა, როგორც კავკასიელებს ჩვევიათ, დაღესტნელებმა შეასრულეს.

ქ. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ალი ისაევ-ავარსკი მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დღეს 1 ოქტომბერს დაიკრძალება.