22 -23 ოქტომბერს საქართველო კიდევ ერთხელ მოექცევა საერთაშორისო პოლიტიკურ-ეკონომიკური წრეების და მედიის ყურადღების ცენტრში - „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ წელს უკვე მეხუთედ გაიმართება.

ფორუმში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით ჩატარდება, მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები და ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები - 2000-მდე სტუმარი 50-ზე მეტი ქვეყნიდან. 22 ოქტომბერს „აბრეშუმის გზის ფორუმი“ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ოფიციალურად გაიხსნება. მაღალი დონის, წარმომადგენლობითი ღონისძიების მონაწილეებს შორის იქნებიან რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე რეგიონს მიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები და წამყვანი გლობალური კომპანიები.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 2015 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ იმართება და ამ წლების განმავლობაში საერთაშორისო კალენდარში უკვე მყარად დამკვიდრდა როგორც მნიშვნელოვანი პლატფორმა ქვეყნებს შორის დიალოგისთვის, ასევე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის. ეს არის მრავალმხრივ ეფექტიანი სადისკუსიო ფორმატი, სადაც განიხილება უახლესი ტრენდები არაერთი სექტორული მიმართულებით, გადაწყვეტილებები მიიღება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, კონკრეტული პროექტების თუ ქვეყნებს შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების განვითარების შესახებ.

ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარების უზრუნველსაყოფად სასტუმრო „ბილტმორში" უკვე დაიწყო მუშაობა ფორუმის საორგანიზაციო შტაბმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის ხელმძღვანელობით. როგორც შტაბის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ფორუმი მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელზეც თავს მოიყრიან მაღალი დონის მონაწილეები როგორც სამთავრობო, ისე ბიზნესსექტორიდან და ამდენად, მნიშვნელოვანია მისი შესაბამისად მაღალ დონეზე ჩატარება.

„აბრეშუმის გზის ფორუმის“ მთავარი თემა და სლოგანი წელს იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability. მრავალფეროვანია ღონისძიების პროგრამაც - ორი დღის განმავლობაში ფორუმის მონაწილეები პანელურ დისკუსიებზე მონაწილეები განიხილავენ დაკავშირებადობისა და განვითარების ძირითად ასპექტებს, იქნება ეს გლობალური ვაჭრობის მომავალი თუ შუა დერეფნის, როგორც სიცოცხლისუნარიანი სატრანსპორტო მარშრუტის, მზარდი აქტუალობა. ასევე სესიები გაიმართება ენერგეტიკის, ინოვაციური ტექნოლოგიების საკითხებზე და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი სესია საქართველოს, როგორც სტრატეგიული საინვესტიციო ცენტრის წარმოჩენის საკითხს მიეძღვნება – ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის, რეფორმებისა და სექტორული შესაძლებლობების განხილვა რეგიონული ზრდისა და გლობალური კავშირების კონტექსტში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხაზს უსვამს, რომ პანელებში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის მომხსენებლები და ექსპერტები, რაც ხელს შეუწყობს იდეებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას სექტორებს შორის. „თითოეული სესია შექმნილია ქმედითი დასკვნებისა და რეკომენდაციების მისაღებად. ძირითადი პანელების პარალელურად, პარალელურ ღონისძიებებსა და დისკუსიებზე ყურადღება გამახვილდება რეგიონულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია დაკავშირებადობის თვალსაზრისითაც. ეს მოიცავს ფოკუსირებულ სესიებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე და, ასევე, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელების პროექტებზე (როგორც ენერგეტიკული, ასევე ციფრული). ფორმალური სესიების გარდა, ფორუმი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ნეტვორკინგს. ასევე გათვალისწინებულია სპეციალური სივრცეები B2B (ბიზნესი ბიზნესთან) და B2G (ბიზნესი მთავრობასთან) შეხვედრებისთვის, სადაც კომპანიებსა და ოფიციალურ პირებს შეუძლიათ შეხვდნენ პირისპირ გარიგებებისთვის, შეთანხმებების ხელმოსაწერად და ინიციატივების დასაწყებად“, - აღნიშნავს მინისტრის მოადგილე.

გასულმა წლებმა და არსებულმა რთულმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა გარემომ, მათ შორის რეგიონში, „აბრეშუმის გზის ფორუმის“ არსებობის საჭიროება და მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დაადასტურა - ეს არის პლატფორმა, სადაც მხარეები განიხილავენ გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს და დაკავშირებადობის მიმართულებით თანამშრომლობის ასპექტებსა და პერსპექტივებს. ამასთან, ევროპა-აზიის დამაკავაშირებელი სატრანსპორტო-ლოგისტიკური მარშრუტების, მათ შორის „შუა დერეფანზე“ არსებული მაღალი მოთხოვნის ფონზე წლევანდელი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ კიდევ უფრო მეტ დატვირთვას იძენს - საქართველო ხომ „შუა დერეფნის“ ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანაა.

აღსანიშნავია, რომ წინა ფორუმებმა ხელი შეუწყო ასობით ორმხრივ შეხვედრას და თანამშრომლობის შეთანხმებას, ხოლო 2025 წლის ფორუმი კიდევ უფრო გაზრდის ამ შესაძლებლობებს. მათ შორის, ფორუმი მნიშვნელოვანი სივრცეა თანამშრომლობისთვის არაერთი სექტორული მიმართულებით, იქნება ეს ვაჭრობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ციფრული ეკონომიკა და ფინანსები და სხვ. ამასთან, წელს პირველად, აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველო უმასპინძლებს თბილისის ფინანსურ სამიტს, სინგაპურში დაფუძნებულ ორგანიზაციასთან – Global Finance and Technology Network (GFTN) – პარტნიორობით. სამიტის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინანსური სექტორის და ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ სადისკუსიო სესიებსა და პანელებს მოდერატორობას გაუწევენ მსოფლიოს წამყვანი მედიების ცნობილი, საერთაშორისოდ აღიარებული წარმომადგენლები, ათობით ქვეყნის მედია-პლატფორმები კი აქტიურად გააშუქებენ ღონისძიების მიმდინარეობას. ეს განსაკუთრებულ მნიშვნელოვანია არსებული გლობალური პოლიტიკურ-ეკონომიკური გამოწვევების პირობებში და გათვალისწინებით - წლევანდელი ფორუმი ხომ იმ მოცემულობაში ტარდება, როდესაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და გლობალური კავშირების მნიშვნელობა განსაკუთრებით გაზრდილია.

„საქართველო, უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ისტორიულად, ყოველთვის ასრულებდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს, აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როცა გლობალური სავაჭრო მარშრუტები იცვლება, ამ ფონზე ჩვენი ქვეყანა აძლიერებს საკუთარ, როგორც მრავალფუნქციური ჰაბის როლს, რომელიც რეგიონში თანამშრომლობისა და ეკონომიკური მდგრადობის გასაძლიერებლად საკვანძო სატრანზიტო მარშრუტებს სთავაზობს. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის იდეაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ დაკავშირებადობაში ინვესტირება შედეგად საერთო სტაბილურობასა და მეტ განვითარებას მოიტანს“, - აღნიშნავს გენადი არველაძე.