საზოგადოებამ კომუნისტური აზროვნება უნდა ჩამოირეცხოს და ხალხი სიმართლის მხარეს უნდა დადგეს, - ამაში ხედავს დღეს შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, შოთა ბურჯანაძე, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება და შეფასებები BM.GE-ში შეკრებული ბიზნესის "სამუშაო შეხვედრაზე" გააჟღერა.

ბიზნესი გიორგი ისაკაძის მოწოდებით შეიკრიბა დღევანდელი კრიზისის შესაფასებლად.

საქმიანი საზოგადოება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის პოვნას შეეცადა.

ბურჯანაძის აზრით, სახელმწიფოებრივობა ჩამოშლის ზღვარზეა.

"მთელი საქართველოს მასშტაბით ამხელა პროტესტია, მგონი, არასდროს არ ყოფილა.  2012 წელს პლაკატით ვიდექი და ვამბობდი, რომ მიშა მკვლელია მეთქი. დღეს იგივე სიტუაციაში გვიხდება დგომა. ამას გამოსავალი აქვს ერთადერთი, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი უნდა დადგეს სიმართლის მხარეს. უბრალოდ, ის კონფორმიზმი, რაც არსებობს, კომუნისტური აზროვნება უნდა ჩამოვირეცხოთ. ჩვენ თავისუფალი ხალხი ვართ და თავისუფლებას უნდა შევეგუოთ. ჩვენ თავისუფლებისთვის, საკუთარი შვილების ბედნიერებისთვის ნაბიჯი უნდა გადავდგათ“, - ამბობს ბურჯანაძე.

წყარო: BM.GE