ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) უფროსმა დავით მჭედლიძემ და აუდიტისა და პროფესიული განათლების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე ძაგნიძემ, ბაქოში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში - „აუდიტის ევოლუცია: მოთხოვნებთან შესაბამისობიდან სტრატეგიულ პარტნიორობასა და ნდობამდე“ მიიღეს მონაწილეობა.

კონფერენცია, აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის ორგანიზებით, გაიმართა და პალატის საქმიანობის დაწყებიდან 30 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიების მიზანი იყო აუდიტის განვითარების ძირითადი ეტაპების, თანამედროვე გამოწვევებისა და სამომავლო მიმართულებების განხილვა, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

კონფერენციის ფარგლებში ყურადღება დაეთმო აუდიტის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს განვითარებას, პროფესიულ თვითრეგულირებას, ხარისხის უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის მექანიზმების გაძლიერებასა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. განხილვის თემებს შორის იყო ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტის გავლენა ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის პროფესიაზე, პროფესიული ეთიკის დაცვა და აუდიტის როლი ფინანსური გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი ნდობის განმტკიცებაში.

ღონისძიებაზე თორნიკე ძაგნიძემ წარადგინა მოხსენება თემაზე - „აუდიტის რეგულირების სისტემა საქართველოში და პროფესიული ორგანიზაციების როლი“. მოხსენებამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გასცნობოდნენ საქართველოში აუდიტის რეგულირების მოდელსა და ამ სისტემაში პროფესიული ორგანიზაციების ადგილს. საქართველოს გამოცდილების წარდგენით სამსახურმა წვლილი შეიტანა აუდიტის რეგულირების განსხვავებული მიდგომების შესახებ საერთაშორისო პროფესიულ მსჯელობაში, რაც ქვეყნებს შორის გამოცდილების გაცვლისა და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი საფუძველია.

ღონისძიებაში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის როგორც საქართველოში სფეროს ზედამხედველი უწყების მონაწილეობა, ხელს უწყობს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებასა და საზედამხედველო პრაქტიკის შესახებ გამოცდილების გაცვლას.