გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სამედიცინო ნარჩენების გადამმუშავებელი საწარმოს „სკრაპი“ გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ახალი ეკომეგობრული საწარმო სახიფათო სამედიცინო და ინფექციური ნარჩენების დაწვის გარეშე უსაფრთხო გაუვნებელყოფას უზრუნველყოფს, რაც საქართველოში სამედიცინო ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის განვითარებასა და გარემოსდაცვითი სტანდარტების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

„ნარჩენების მართვა სპეციფიკური და კომპლექსური პროცესია, რომელიც სისტემურ მიდგომას, თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და მუდმივ მონიტორინგს საჭიროებს. სამინისტრო ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებისა და განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს, მათ შორის, ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სახიფათო ნარჩენების მართვისთვის საჭირო ობიექტების შექმნის მიმართულებით.

ჩვენი მიზანია, საქართველო გადავიდეს ნარჩენების მართვის ისეთ სისტემაზე, სადაც ნარჩენი განიხილება რესურსად, რომლის შემცირება, ხელახალი გამოყენება, გადამუშავება და უსაფრთხო მართვა მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ნაწილია. ამ პროცესში მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ინიციატივები და ინვესტიციები, რასაც სახელმწიფოს მიერ შექმნილი სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო უწყობს ხელს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

საქართველოში და ამიერკავკასიის რეგიონში პირველად ინერგება ECOSTERYL-ის თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც სამედიცინო და ინფექციური ნარჩენების უსაფრთხო გაუვნებელყოფისა და შემდგომი მართვისთვის გამოიყენება.

პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამედიცინო ნარჩენების მართვის სისტემის მოდერნიზებისა და გარემოსდაცვითი პრაქტიკის გაუმჯობესების მიმართულებით.

ECOSTERYL-ის ტექნოლოგია ნარჩენების დამუშავებას ინსინერაციის გარეშე, მიკროტალღური ტექნოლოგიის გამოყენებით უზრუნველყოფს.

სისტემა სრულად ელექტროენერგიაზე მუშაობს და პროცესის შედეგად მიიღება მშრალი, სტერილური და უსაფრთხო მასალა, რაც ამცირებს ტოქსიკური გამონაბოლქვის წარმოქმნის რისკებს და ხელს უწყობს ნარჩენების შემდგომი მართვის უსაფრთხოებას.

ახალი საწარმოს ამოქმედება ხელს შეუწყობს სამედიცინო ნარჩენების მართვის პროცესის მოდერნიზებას, ოპერაციული უსაფრთხოების გაუმჯობესებას და თანამედროვე გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვას. პროექტი ეფუძნება ევროპულ და საერთაშორისო პრაქტიკას და საქართველოში ნარჩენების მართვის სფეროში თანამედროვე, ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიების გამოყენების კიდევ ერთ შესაძლებლობას ქმნის.

საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე იმყოფებოდნენ.