„ვარლამ გოლეთიანის გამო 360 მლნ დოლარი ვიზარალეთ“, - ამის შესახებ „ბაუსტარის“ დამფუძნებელმა, მალხაზ სოლომნიშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა.

„ის, რომ ნენსკრა ჰესი არ აშენდა და ეს საქმე ბოლომდე არ მივიდა, ვარლამ გოლეთიანის გამო 360 მლნ დოლარი ვიზარალეთ. ევროკავშირში გვინდა შესვლა და ჰესი რომ გვქონდეს, არ გვინდა? ელექტროდამოუკიდებლობა არ გვინდა?

ევროპაში ყველას გვინდა, კარგი ცხოვრებაც ყველას გვინდა, მაგრამ როგორ უნდა მივიდეთ იქამდე, ამაზე არავინ ფიქრობს. ჩემი აზრით, მიმდინარე პროცესები ბიზნესზე ძალიან კარგად აისახება“, - განაცხადა მალხაზ სოლომნიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია Enka Renewables-მა საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟში 383.2 მლნ დოლარის დავა მოუგო. საქმე ეხებოდა „ნამახვანჰესის“ მშენებლობას, რომელშიც თურქულს კომპანიას 800 მლნ აშშ დოლარამდე მოცულობის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. ჰესების კასკადი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ენერგეტიკული პროექტი იქნებოდა. 433-მეგავატიანი კასკადის წლიური გამომუშავება 1,500 გგვტ.სთ-ს მიაღწევდა და მისი ექსპლუატაციაში შესვლა 2025-2026 წლებში იგეგმებოდა.