ვფიქრობ, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე რთულ ვითარებაში ვართ, გამომდინარე იქიდან, თუ რა რეალობა გვაქვს, - ამის შესახებ „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. მან შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა და აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, კრიზისის დასაძლევად ნაბიჯები გადაიდგას.

„კრიზისს ქმნის და კრიზისის დაძლევის პასუხისმგებლობა არის მთავრობაზე, ეს 2X2=4-ია. მეორე მხარე ვინ არის, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ახლა საზოგადოების მხრიდან ადეკვატური რეაქცია არის გაბრაზება. ეს გაბრაზება გამოიწვია იმ ნაბიჯებმა, რომელიც ხელისუფლებამ გადადგა. შესაბამისად, მისი ვალდებულებაა, ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომელიც ამ ვითარებას დააშოშმინებს“, - განაცხადა ბურჯანაძემ მედიაცენტრ „მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი განმარტებით, რესტორატორების სფერო სრულად დამოკიდებულია საზოგადოების განწყობებზე და ახლა ქვეყანაში სრულიად საწინააღმდეგო სიტუაცია არის.

„ქუჩები ყოველ ღამით გადავსებულია პროტესტანტებით. ამ შემთხვევაში, სრულიად წარმოუდგენელია იქ არსებული სასტუმროების თუ რესტორნების სრულყოფილი მუშაობა. არ არის სტუმრის ის რაოდენობა, რაც ამ თვეებში მოსალოდნელი იყო. ეს არის წლის ის პერიოდი, როდესაც რესტორნები ყველაზე დატვირთულ რეჟიმში მუშაობენ და წინასაახალწლოდ იღებენ ჯავშნებს კორპორატიულ საღამოებზე და ა.შ. დღეს ამის განწყობა არ არსებობს. რეალურად, ეს პრობლემა დგას“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი განმარტებით, პრობლემაა ასევე ის, რომ გაცილებით ნაკლებია იმ ტურისტების რაოდენობა, რომლებიც სასტუმროს ან საკვებ ობიექტებს ჯავშნიან.

„დღეს პრობლემის წინაშე დგას სფერო. თუ რამე რყევა ყოფილა ქვეყანაში, პირველ რიგში, ამ სფეროზე ტყდება ყოველთვის ჯოხი. ქვეყნის აღებული კურსის უკან მობრუნება, რომელიც 30 წლის განმავლობაში ყალიბდება, უბრალოდ, წარმოუდგენელია. 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც დიდი კრიზისი იქმნებოდა არა მარტო საქართველოში და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის წინაშე ვიდექით, მაშინ ჩვენი პარტნიორები და მეგობრები 4 მილიარდი დოლარით დაგვეხმარნენ და ამ კრიზისიდან გამოვძვერით. როდესაც კოვიდი იყო, ასევე დახმარება მივიღეთ და გამოვძვერით. დღეს, როდესაც იქმნება კრიზისი, დამხმარე არავინ არის. გვეუბნებიან, არ დაგეხმარებით იმ შემთხვევაში, თუ ნაბიჯები სწორად არ გადაიდგმებაო. ამას ძალიან მარტივი დანახვა სჭირდება. სჭირდება უბრალოდ, სურვილი, რომ ნორმალური ქვეყანა იყოს.

ხელისუფლება თავს იბრმავებს, იყრუებს და მიაჩნია, რომ აქციაზე გამოსული ხალხის რაოდენობა და ხმა არ არის მისთვის საკმარისი. ხშირად მქონია ხელისუფლებასთან დამოკიდებულება, პრობლემებზე მსჯელობის მომენტი და ყოველთვის ყოფილა მეტ-ნაკლებად ადეკვატური რეაქცია, მინიმუმ მოსმენის შესაძლებლობა. ახლა ვერ ვამჩნევ, რომ ხელისუფლება ნაბიჯებისთვის მზადყოფნას გამოხატავს. აქ რის ჯიუტი თხის მომენტი. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მისი გადადგმული ნაბიჯები არის სწორი“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

როგორც მან აღნიშნა, სიტუაციის პროგნოზირება ძალიან რთულია. „როდესაც ამ ჩიხში შედიხარ და ბნელ ოთახში კატას ეძებ, პროგნოზი გავაკეთო თუ რა მოხდება, უბრალოდ წარმოუდგენელია“, - განაცხადა ბურჯანაძემ.