სიგარეტსა და გასახურებულ თამბაქოს პროდუქტებზე აქციზის გადასახადის დაანონსებული გაზრდა მინიმალისტური გადაწყვეტილებაა. ინფლაციის გათვალისწინებით, თამბაქოს აქციზი მინიმუმ 30-40 თეთრით მაინც უნდა ყოფილიყო გაზრდილი, - ასე აფასებს „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძე საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს.

მისი განმარტებით, 2019 წლის შემდეგ თამბაქოსა და თამბაქოს პროდუქტებზე გადასახადი არ მომატებულა.

„უფრო მეტიც, ბოლო 5 წლის განმავლობაში ამ ლეტალურ პროდუქტზე გადასახადი არათუ არ გაზრდილა, არამედ პირიქით, ადგილობრივი წარმოების თამბაქოზე, ნედლეულზე, საწუწნ და საღეჭ თამბაქოზე გადასახადები შემცირდა კიდეც. როგორც მაშინ განმარტებით ბარათში იყო მითითებული, მოსალოდნელი იყო საგადასახადო შემოსავლების შემცირება და სავარაუდოდ, სწორედ ამ დანაკარგების გამო იგეგმება ახლა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები“, - განმარტავს ბახტურიძე.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ინფლაციის გათვალისწინებით აქციზი მინიმუმ 30-40 თეთრით მაინც უნდა ყოფილიყო გაზრდილი. საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, აქციზის გადასახადი დიფერენცირებულია, გასახურებელ თამბაქოზე 15 თეთრით, ჩვეულებრივ თამბაქოზე კი 20 თეთრით იმატებს.

ბახტურიძე მიიჩნევს, რომ დიფერენცირებულ რეჟიმში თამბაქოს სხვადასხვა პროდუქტის მოხვედრა არასწორია.

„ორივე პროდუქტი თანაბრად უნდა დაიბეგროს, რადგან გასახურებელი თამბაქოს არანაკლებ საშიშია ჯანმრთელობისთვის“, - აცხადებს თამბაქოს კონტროლის ალიანსის თავმჯდომარე.

ამავდროულად ბახტურიძე განმარტავს, რომ ამ ფონზე, თამბაქოს მოხმარების პრევენციის პროგრამის სახელმწიფო დაფინანსება არ იზრდება, პირიქით, მცირდება და მნიშვნელოვანია, რომ თამბაქოს გადასახადებიდან ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და თამბაქოს პრევენციის ღონისძიებებისთვის დაფინანსება გაიზარდოს.

მისივე თქმით, არსებული პრაქტიკით, ამ გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების 10%-ით სწორედ ეს ღონისძიებები უნდა დაფინანსდეს. გიორგი ბახტურიძე ამბობს, რომ გადასახადების მატების ფონზე თამბაქოს ინდუსტრია ყოველთვის ბაზარზე კონტრაბანდული პროდუქციის საფრთხეზე მიუთითებს, რაც არასწორია ეს ხშირად მისი თქმით, იმით არის განპირობებული, რომ ქვეყანა არ არის მიბმული თამბაქოს ნაწარმის უკანონო ვაჭრობის ოქმს და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა.

„მნიშვნელოვანია ასევე საბითუმო და საცალო ვაჭრობა იყოს დარეგულირებელი და თამბაქოს პროდუქცია არ იყოს მოსახლეობისთვის ასე ხელმისაწვდომი. ჩვენ მზად გვაქვს კონკრეტული დოკუმენტი, რომელიც ასევე ითვალისწინებს თამბაქოს მიყიდვის ასაკის 18-დან 21 წლამდე გაზრდას“, - აცხადებს გიორგი ბახტურიძე.