ეროვნულმა ბანკმა 2024 წელს არაერთი ნაბიჯი გადადგა ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისა და მისი გამჭვირვალობის გაძლიერების მიმართულებით. განხორციელდა საზედამხედველო და რეგულატორული ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავდა ბაზრის სტაბილურობის უზრუნველყოფას, ინვესტორთა ნდობის გაძლიერებასა და ფინანსური სისტემის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას, - ამის შესახებ საქართველოს  ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტში, 2024 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ანგარიში მოიცავს  ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.

„მოგეხსენებათ, ფასიანი ქაღალდების ბაზარი დაფინანსების ალტერნატიული პლატფორმაა და უფრო მეტ დივერსიფიკაციას უზრუნველყოფს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.  2024 წელს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ადგილობრივი კორპორაციების მიერ საქართველოში გამოშვებული ობლიგაციების მოცულობა კვლავაც გაიზარდა. კერძოდ, წინა წელთან შედარებით, ბაზარი 29.7%-ით გაიზარდა და წლის ბოლოს 5.474 მილიარდ ლარს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული ობლიგაციების ნაშთი გასულ წელს თითქმის 40%-ით  გაიზარდა. რაც შეეხება კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის სეგმენტს (მოიცავს როგორც საჯარო, ისე კერძო განთავსებებს), წლიურმა ზრდის ტემპმა 18.1% შეადგინა. შედეგად, 2024 წლის ბოლოს  კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ზომამ 2.244 მილიარდ ლარს მიაღწია. საშუალოდ, ბოლო 5 წელიწადში,  კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ზრდის ტემპმა 24.7%-ს მიაღწია“, - განმარტა ნათია თურნავამ.

სებ-ის პრეზიდენტმა ადგილობრივი საინვესტიციო ფონდების ბაზარზე არსებულ ტენდენციებზეც ისაუბრა, რომლის თანახმადაც გასულ წელს ფონდების აქტივების მოცულობა  129 მილიონი ლარიდან 204 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

მისივე განმარტებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა საბროკერო კომპანიების კლიენტების ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე რიცხული ფასიანი ქაღალდების ჯამური ღირებულებაც, კერძოდ, 2024 წლის ბოლოს იგი 12.1 მილიარდ ლარს შეადგენდა და, 2023 წელთან შედარებით, 59%-ით გაიზარდა.

2024 წელს პოზიტიურ ცვლილებებს ჰქონდა ადგილი საპენსიო ფონდთან დაკავშირებითაც. ცვლილებები განხორციელდა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში, რაც ეხებოდა საპენსიო სააგენტოს ახალი მმართველობითი სისტემის ჩამოყალიბებას და ეფექტური ზედამხედველობის მოდელის შემუშავებას.

„ცვლილებების მიხედვით მნიშვნელოვნად გაიზარდა ეროვნული ბანკის საზედამხედველო მანდატი და როლი და იგი უკვე მოიცავს როგორც საპენსიო ფონდის საინვესტიციო, ისე ადმინისტრაციულ/საოპერაციო და სხვა ფუნქციების ზედამხედველობას. ჩვენ მომზადებულები ვხვდებით ყველა ამ ცვლილებას. ყველა საჭირო ნორმატიული აქტი ჩვენი მხრიდან არის შემუშავებული.“ - განაცხადა ნათია თურნავამ.