საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) განხორციელებული, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტების შეფასების შესახებ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ექსპერტები ევროკავშირის ქვეყნებიდან, სემეკის წევრები და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები. შეხვედრა გახსნა სემეკის წევრმა და პროექტების ხელმძღვანელმა, გიორგი ფანგანმა.

„სემეკში განხორციელებულ პროექტებს დადებითი შეფასება მიეცა ჩვენი უცხოელი კოლეგების მხრიდან. აღსანიშნავია, როგორც ქსელური ტარიფების დადგენის  მეთოდოლოგიების შემუშავება, განახლებადი ენერგიის რეგულირების სტრატეგიის განვითარება, ასევე საქართველოს ენერგეტიკული ბაზარის დიგიტალიზაცია. ტვინინგ ლაითის პროექტის ფარგლებში შემუშავდა სემეკის დიგიტალიზაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანიცაა სემეკის საქმიანობის გაუმჯობესება,  ენერგეტიკული ბაზრის უფრო ეფექტიანი რეგულირების ხელშეწყობა“, - აღნიშნა გიორგი ფანგანმა.

სემეკში განხორციელებული ტვინინგის რიგით მე-4 პროექტის - „ქსელური ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიების შემუშავების, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის რეგულირების სტრატეგიის განვითარებისა და მოთხოვნის მხარდაჭერის ჩართულობის უზრუნველსაყოფად რეგულირების ჩარჩოს შექმნის შესახებ“ პარტნიორები იყვნენ ავსტრიის ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანო (E-Control) და გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტო (BNetzA). პროექტის ხანგრძლივობა იყო 27 თვე.

ტვინინგ ლაითის პროექტის - „დიგიტალიზაციისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნისა და დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავებაში კომისიის დახმარების შესახებ“ ხანგრძლივობა იყო 9 თვე, ხოლო განმახორციელებელი ორგანიზაცია - იტალიის ენერგეტიკული მომსახურების სამსახური (GSE).