რუსეთის ბაზარი ნაწილობრივ უკვე გაიხსნა და აზერბაიჯანიდან ველოდებით ბენზინის იმპორტის დაწყებას

საწვავის ფასი გლობალურ ბაზრებზე მკვეთრად შემცირდა. ბოლო მონაცემით, 1 ბარელი ნავთობის ღირებულება უკვე 70 დოლარის ფარგლებშია. ადგილობრივ ბაზარზე გაიაფების ტენდენცია ჯერჯერობით არ იგრძნობა, თუმცა იმპორტიორები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 2-3-კვირაში საფასო ცვლილება აქაც აისახება და ბენზინი გაიაფებას დაიწყებს. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ  მკვეთრი გაუფასურების შემდეგ ლარის კურსიც გამყარდა და ახლა სტაბილურია.

რაც შეეხება ,,პლატცის" ფასს, ამ დროისთვის 1 ტონა ბენზინის ღირებულება 670 დოლარს შეადგენს, ხოლო დიზელის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 642 დოლარია.

ბენზინის გაიაფებაზე გავლენას მოახდენს ასევე რუსეთის ფაქტორი. როგორც ცნობილია, ქვეყნის მთავრობამ მწარმოებლების მიერ მიწოდებული ბენზინის უმეტესობის ექსპორტზე დროებითი აკრძალვა გააუქმა, ხოლო სხვა ექსპორტიორებზე (დამოუკიდებელი ტრეიდერები და გადამყიდველები) შეზღუდვები 2025 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა.

მიმდინარე წლის აგვისტოში ხელისუფლებამ საექსპორტო ემბარგო მას შემდეგ შემოიღო, რაც ბენზინის საბითუმო ფასების მკვეთრმა ზრდამ ავტოგასამართ სადგურები რთულ მდგომარეობაში ჩააგდო.

ამდენად, შეზღუდვის გაუქმება საქართველოში საწვავის ფასებზეც აისახება და  გარკვეული მოცულობით იაფი ბენზინი აქაც  შემოვა. თუმცა ამისთვის 2-3-კვირიანი პერიოდია საჭირო. დაახლოებით თვის ბოლოს კომპანია ,,სენტას" დამფუძნებელი, იმპორტიორი ზაალ იაკობიძე ადგილობრივ ბაზარზე ბენზინის გაიაფებას ვარაუდობს.

,,კარგია, რომ რუსეთმა საწვავის ბაზარზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნა. ეს არის ექსპორტისთვის დაწესებული აკრძალვა, რომელიც მწარმოებლებს შეეხო. ცხადია, ეს გავლენაც ქართულ ბაზარზეც მოახდენს, მაგრამ ჯერ საქონელი საქართველოში არ მოხვედრილა, სავარაუდოდ, 2-3 კვირა დასჭირდება. ამ შემთხვევაში კონკრეტულად ბენზინზე ფასის კლებას უნდა ველოდოთ საცალო გაყიდვებში. იმის მიხედვით, რამდენად შემცირდება საბითუმო ღირებულება, შესაბამისად აისახება იგი საცალო ბაზარზეც. კონკრეტულად რამდენით, პროგნოზი ნაჩქარევად მიმაჩნია", - განაცხადა ზაალ იაკობიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

აღსანიშნავია, რომ გლობალურ ბაზრებზე საწვავის გაიაფებას ხელი შეუწყო სირიაში მიმდინარე პროცესმაც, ცნობილია, რომ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა ქვეყანა დატოვა და მოსკოვში გაემგზავრა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვახტანგ იობაშვილის განცხადებით, დიქტატორის გაქცევა სირიაში სტაბილურობას შეუწყობს ხელს, რაც სანავთობო ბაზარზეც ადეკვატურად იმოქმედებს და ფასების კლებას გამოიწვევს, რისი ტენდენციაც ისედაც დაწყებულია.

,,სანავთობო ფასები ნელ-ნელა სტაბილურდება და ასე  თუ გაგრძელდა, ჩვენს ბაზარზე და მსოფლიო სანავთობო ბირჟებზე იმოქმედებს, რაზეც სრულად ვართ დამოკიდებული.

ახლა ველოდებით, რომ ბენზინი გაიაფდება. ამაზე იმოქმედებს როგორც რუსეთში გაუქმებული შეზღუიდვა, ასევე სირიაში მიმდინარე პოლიტიკური სტაბილიზაციის ნიშნები, რაც თანდათან თვალსაჩინოა. იმის გამო, რომ სირიის დიქტატორმა დატოვა ქვეყანა და რეგიონში შედარებით სიწყნარეა, მეტი პერსპექტივა გამოიკვეთა. ვიმედოვნებ, სირია სამომავლოდ ხმელთაშუა ზღვაზე თანამედროვე, დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბდება. ამას მიჰყვებიან სხვა სახელმწიფოები და ახლო აღმოსავლეთი დაწყნარდება.

ამ ეტაპზე კი საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარი ცვლილების მოლოდინშია. ძალიან დიდი დროც არ არის საჭირო და გაიაფებაც დაიწყება. ვერ გეტყვით ზუსტად რამდენი პროცენტით შემცირდება ბენზინის ფასი, მაგრამ საშუალება გვეძლევა, საბაზრო ფასები აქაც დაკორექტირდეს", - აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

მისი თქმით, სტაბილურობა განსაკუთრებით  თვალსაჩინო გახდება მაშინ, როდესაც ბაქოდან ევრო 5-ის შესაბამისი სტანდარტის საწვავის შემოტანა დაიწყება.

,,ნავთობპროდუქტის ბაზარზე ძალიან კარგი  პერსპექტივაა. განსაკუთრებით ის გარემოება, რომ აზერბაიჯანიდან ველოდებით ბენზინის  იმპორტის დაწყებას.  მხოლოდ ტექნიკური საკითხებია და როგორც კი მოგვარდება და დასრულდება  ქარხნების გადაიარაღება, იმპორტს წინ აღარაფერი დაუდგება. ევრო 5 -ის სტანდარტის დიზელი აზერბაიჯანიდან ისედაც შემოდის.

აზერბაიჯანული მედიასაშუალებები აქტიურად წერენ, რომ ქვეყანა საქართველოში ბენზინის ექსპორტს გეგმავს. ცხადია, ესეც იქნება ევრო 5-ის სტანდარტის საწვავი, რაც ადგილობრივი ბაზრისთვის სტაბილურობის ერთ-ერთ წყაროდ შეიძლება მივიჩნიოთ. გარკვეულწილად, ეს აისახება ფასზეც, ვინაიდან აზერბაიჯანიდან საწვავის იმპორტი შეღავათიან ფასად იქნება შესაძლებელი, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი ნავთობპროდუქტი. ტრანსპორტირებისთვისაც არ იქნება საჭირო იმდენი თანხა, რაც ზღვიდან გადმოზიდვას ანდა რუსეთიდან თუ ბელორუსიიდან ჩამოტანას ხმარდება. 500 კილომეტრია ბაქოდან თბილისამდე და საგზაო დანახარჯი გაცილებით ნაკლები იქნება", - დასძინა ვახტანგ იობაშვილმა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ პროცესებსაც გამოეხმაურა. ვახტანგ იობაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ძალადობა შეწყდეს, მდგომარეობა დასტაბილურდეს და ბიზნესმა ჯანსაღ გარემოში გააგრძელოს მუშაობა.

ცნობისთვის, 2024 მარტში რუსეთის რამდენიმე უმსხვილეს ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად ქვეყანაში ბენზინის წარმოება შემცირდა. ამის გამო ფედერაციის მთავრობამ 1-ლი მარტიდან რუსეთიდან ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა ექვსთვიანი ვადით ანუ აგვისტოს ბოლომდე დააწესა, რომ საწვავის დეფიციტი თავიდან აეცილებინა. შიდა ბაზრის გაჯერების ფონზე და გადასამუშავებელ ქარხნებში მარაგის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად აკრძალვა ჯერ 20 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით, შემდეგ კი ივლისის ბოლომდე მოიხსნა, თუმცა 1-ლი აგვისტოდან ისევ ამოქმედდა და 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. აკრძალვა არ ეხება საერთაშორისო-სამთავრობათაშორისო შეთანხმებების ფარგლებში, მათ შორის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში მიწოდებებს, ასევე, მოქალაქეების მიერ პირადი სარგებლობისთვის და საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებისთვის ექსპორტირებულ საწვავს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რუსეთის ფედერაციიდან საწვავის მოწოდებაზე შეზღუდვა ნაწილობრივ უკვე გაუქმებულია.

წყარო: resonancedaily.com