აბაშაში, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მართვის ცენტრში თურქმა სპეციალისტებმა დეტალური ინფორმაცია მოისმინეს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ და სპეციალური ტექნიკა დაათვალიერეს.

ვიზიტის ფარგლებში, თურქი ენტომოლოგები ანასეულში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ლაბორატორიაშიც იმყოფებოდნენ, სადაც მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მეთოდოლოგიასა და საველე სამუშაოებს გაეცნენ. 

„ჩვენი მიზანი იყო გავცნობოდით, როგორ ებრძვით და რა მეთოდებს იყენებთ საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში. ღონისძიებები მაღალ დონეზე და კვალიფიციურად არის შესრულებული“, - აღნიშნა  თურქეთის შავი ზღვის კვლევითი ინსტიტუტის მცენარეთა სიჯანსაღის დეპარტამენტის ენტომოლოგმა  სეიმა ჩაქირმა.

„აზიური ფაროსანა, საქართველოს გარდა, გამოწვევად რჩება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, რომლებიც

ათწლეულებია ებრძვიან მავნებელს; თუმცა, აღსანიშნავია, რომ სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, საქართველომ შექმნა ფაროსანასთან ბრძოლის უნიკალური, ინტეგრირებული სისტემა და უმოკლეს პერიოდში მიიღო ხელშესახები შედეგი. საქართველოს წარმატებული გამოცდილება და პრაქტიკა ენტომოლოგიის ისტორიაში შევიდა, როგორც მავნებელთან ბრძოლის გზამკვლევი - პროგრამა, რომლის მიხედვითაც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში ჩართულია ყველა რგოლი: სახელმწიფო სტრუქტურები, ადგილობრივი თვითმმართველობები, ფერმერები და მეფუტკრეები“, -განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა მესხმა. 

ქართველმა მცენარეთა დამცველებმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის  გამოცდილება ავსტრალიელ, ახალ ზელანდიელ, იტალიელ და  აზერბაიჯანელ კოლეგებს გაუზიარეს.