საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) სამედიცინო ესთეტიკურ ცენტრს, შპს „მედ სტატუსს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის – აგრესიული კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინა.

კონკურენციის სააგენტოს ცნობით, საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადასტურდა, რომ მომხმარებლის კლინიკაში ვიზიტისას, მოვაჭრე ხელშეკრულების სწრაფად გაფორმების მიზნით, შემჭიდროებულ ვადაში, ინტენსიურად ცდილობდა მომხმარებლების ნებაზე ზემოქმედებას.

„კერძოდ, კლინიკის თანამშრომლების დახმარებით, მომხმარებლებს აფორმებინებდნენ სესხის ხელშეკრულებებს მომსახურების ღირებულების გადახდის მიზნით ისე, რომ მათ არ ჰქონდათ სათანადო ინფორმაცია და ასევე თავისუფალი არჩევანი გადაწყვეტილების მიღებისას.

GCCA-ს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მოვაჭრე მომხმარებლის ნებაზე არასათანადოდ ზემოქმედებდა. კანონმდებლობის შესაბამისად, არასათანადო ზემოქმედებად განიხილება ყველა ქმედება, რომელიც არ არის დაკავშირებული იძულებასთან ან მუქარასთან, თუმცა ზღუდავს მომხმარებლის უნარს, მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება, რაც, თავის მხრივ, მომხმარებლის ლეგიტიმურ უფლებას წარმოადგენს. შესაბამისად, 1 თვის ვადაში მოვაჭრეს დაევალა მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა და თავისი სავაჭრო პოლიტიკის კანონის მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც არ შესრულდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შპს „მედ სტატუსი“ 6 576 ლარი და 43 თეთრით დაჯარიმდა.

ინფორმაციისთვის: კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს“, – ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.