„ეარ არაბია აბუ დაბის“ მიერ თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზარდის გადაწყვეტილება მიღებულია იმისთვის, რომ მომხმარებელს მეტი არჩევანი შესთავაზოს და დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნა პირდაპირ და ხელმისაწვდომ მგზავრობაზე არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქსა და ჩვენს დედაქალაქს შორის, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამომავლოდ, „ეარ არაბია აბუ დაბი“ თბილისის მიმართულებით სიხშირის კვირაში 10-მდე გაზრდას განიხილავს.

„ავიაკომპანიის მხრიდან გადაწყვეტილება მიღებულია იმისთვის, რომ მომხმარებელს მეტი არჩევანი შესთავაზოს და დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნა პირდაპირ და ხელმისაწვდომ მგზავრობაზე არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქსა და ჩვენს დედაქალაქს შორის. გალფის ქვეყნები ჩვენი მიზნობრივი და მნიშვნელოვანი ბაზარია.

შესაბამისად, ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi-ს მიერ კვირაში 8 სიხშირით ოპერირება საშუალებას მოგვცემს დავაკმაყოფილოთ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან მზარდი ტურისტული მოთხოვნა ჩვენი ქვეყნის მიმართ. ტურისტული ნაკადები საქართველოსთან მიმართებაში კიდევ უფრო მზარდი გახდება 2026 წლიდან, მას შემდეგ რაც, ახლო აღმოსავლეთის კიდევ ერთი წამყვანი ავიაკომპანია Etihad Airways დაიწყებს თბილისსა და აბუ დაბის შორის ოპერირებას,“ – განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

2025 წლის შვიდი თვის მონაცემებით, ავიაკომპანია აბუ დაბი-თბილისის-აბუ დაბის მიმართულებით 50 ათასამდე მგზავრს მოემსახურა.

ავიაკომპანია „ეარ არაბია აბუ დაბიმ“ თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირე გაზარდა.