იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის, პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე (ID ბარათი) შეღავათიან ფასად გაცემის აქციას იწყებს.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აქცია დღეს დაიწყება და 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მათივე ცნობით, აქციის მიზანია მოქალაქეების ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფა და საარჩევნო სიების სრულყოფა.

„პირადობის ელექტრონულ მოწმობას ნახევარ ფასად მიიღებენ: სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც არასდროს აუღიათ პირადობის ელექტრონული მოწმობა; სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუუქმდათ ან მიმდინარე წლის 5 ოქტომბრამდე გაუუქმდებათ პირადობის ელექტრონული მოწმობა და არ ფლობენ მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს; მოქალაქეები, რომლებსაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი და მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუუქმდათ ან 5 ოქტომბრამდე გაუუქმდებათ პირადობის ელექტრონული მოწმობა და არ ფლობენ მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს; მოქალაქეები, რომლებსაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი და მათზე გაცემული არ არის პირადობის ელექტრონული მოწმობა.

აქციის ფარგლებში პირადობის ელექტრონული მოწმობა მე-10 სამუშაო დღეს გაიცემა ნახევარ ფასად, ხოლო დოკუმენტისთვის საჭირო ფოტოსურათი უფასო იქნება.

ID ბარათზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.