უფრო მაღალი გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ვიდრე ფასები, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კითხვას, რომელიც ქვეყანაში წამლებისა და სურსათის მომატებულ ფასებს შეეხებოდა.

მისი თქმით, რაც უფრო მაღალი იქნება ეკონომიკური ზრდა, გადაფარავს იმას, რაც ინფლაციიდან გამოწვეული წნეხია.

„სამწუხაროდ, სურსათზე სახელმწიფო იმპორტზეა დამოკიდებული. შესაბამისად, საერთაშორისო ბაზარზე ფასების ცვლილება აისახება საქართველოს სურსათის ფასებზე. წამლების მწარმოებელი დიდად რომ არ ვართ და ესეც იმპორტირებულია, ალბათ, მოგეხსენებათ და შესაბამისად, ბაზარზე ფასები დგინდება…

სურსათზე და წამლებზე რომ გაიზრდება ფასი, აუცილებელია, რომ ეკონომიკური ზრდა მაღალი გვქონდეს. უფრო მაღალი გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ვიდრე ფასები. შესაბამისად, რაც უფრო მაღალი იქნება ეკონომიკური ზრდა, გადაფარავს იმას, რაც ინფლაციიდან გამოწვეული წნეხია.

გასული ორი წლის განმავლობაში ინფლაცია იყო მიზნობრივ მაჩვენებელზე გაცილებით დაბალი. წელს გაიზარდა და ასცდა მიზნობრივ მაჩვენებელს, მაგრამ ეროვნული ბანკი ახორციელებს პოლიტიკას, რომელიც აძლევს საშუალებას, რომ მომდევნო წელს მიზნობრივ ინფლაციას დაუბრუნდეს. ქვეყნის განვითარებისთვის ინფლაციის ნულოვანი მაჩვენებელი შეუძლებელია და სწორი არ იქნება“, - განაცხადა კაკაურიძემ.

ჟურნალისტმა კაკაურიძეს ჰკითხა ყველაფერი მარტივად აეხსნა ხალხისთვის, რომელიც ფიქრობს პური იყიდოს თუ წამალი, რაზე კაკაურიძემ უპასუხა: „ორივე“.

კითხვაზე, „თუ ხალხს არ ჰყოფნი ფული რომ ორივე იყიდოს, რა უნდა ქნას?“, კაკაურიძემ უპასუხა, რომ მათ ეკონომიკურმა ზრდამ უნდა მისცეს ის ფული, რომელიც ორივეს ყიდვის საშუალებას მისცემს.

„შესაბამისად, ეკონომიკურმა ზრდამ უნდა მისცეს ის ფული, რომელიც ორივეს ყიდვის საშუალებას მისცემს. [ამის ყიდვის საშუალებას მისცემს] ყოველდღიურად.

ვისაც არ აქვს ამის საშუალება, სწორედ ამიტომ არსებობს ის პროგრამები სოციალური მიმართულებით, რომელიც ბიუჯეტშიც გაწერილია. შესაბამისად, მოსახლეობის იმ კატეგორიას, რომელსაც ამის პრობლემა აქვს, იქნება ეს სხვადასხვა პროგრამები, როგორიცაა სოციალური დახმარება, ქრონიკული მედიკამენტები და ა.შ. ეს მიმართულებები ფინანსდება ბიუჯეტიდან. სხვა შემთხვევაში, როცა ადამიანებს მუშაობის შესაძლებლობა აქვთ, უნდა იმუშაონ და ის დეფიციტი, რომელიც შრომით ბაზარზეა, ჩვენი მოსახლეობის მხრიდან არის შესავსები“, - განაცხადა კაკაურიძემ.