მოლდოვის შემთხვევაში სიტუაცია არის ძალიან მარტივი. როდესაც ქვეყანას არ აქვს თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა, როდესაც ეკონომიკური პოლიტიკის მხარდამჭერი კი არ არის საერთაშორისო დახმარებებზე, არამედ ჯერ საერთაშორისო დახმარებები არსებობს, რომლებსაც ხშირად ვალის ფორმა აქვს და შემდგომ ხდება მოფიქრება, თუ სად წაიღონ ეს თანხები. ბუნებრივია ავტომატურად აჩენს მთელ რიგ ხვრელებს დაკავშირებულს კორუფციასთან, თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოებას შეუძლია ნახოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებები კორუფციასთან და თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით მოლდოვასა და უკრაინაში.

„ევროკომისიამ საქართველოს ეკონომიკური ზრდა შეაფასა საკმაოდ მაღალ მაჩვენებელზე, განსხვავებით უკრაინისგან და მოლდოვისგან, სადაც ჩვენ ვხედავთ ეკონომიკური კოლაფსის მაჩვენებელს, მთელ რიგ პარამეტრებთან მიმართებაში.

როდესაც ხდება ხოლმე საქართველოს რაიმე ფორმით თუნდაც, კორუფციის და გამჭვირვალობის ჭრილში მცირე ტოლობის, ან მიახლოებითი ნიშნის დასმაც კი მოლდოვასთან ან უკრაინასთან, ეს არის უკიდურესად აბსურდული, ვინაიდან ვერც ერთ რელევანტურ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს ვერ ვნახავთ, რომელიც რაიმე ფორმით მაინც ადარებს ერთმანეთს და შესადარ ქვეყნად მოიხსენიებს საქართველოს კორუფციის ჭრილში ან მოლდოვასთან, ან უკრაინასთან“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.